პირველი ლექსი ოთხი წლის ასაკში დაწერა, თუმცა ლიტერატურულ წრეებში მას 16 წლიდან იცნობენ. მოგვიანებით მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს. მისი პოეზია უმეტესად ომის ხმაურში იქმნებოდა. ფრონტიდან გამოგზავნილი წერილები ლექსებით იყო სავსე. სამწუხაროდ, სულ რაღაც 27 წელს იცხოვრა.
გედეონ გელოვანსა და ევა მაჩურიშვილს რვა შვილი ჰყავდათ. 1917 წლის 2 მარტს თიანეთის რაიონის სოფელ ნაქალაქარში დაიბადა რეზო. თავის პირველ, ბავშვურ ლექსებს ''მზის კაცს'' აწერდა, შემდეგ თავის ფსევდონიმად სახელი მირზა აირჩია. ადრეულ ასაკში სიფიცხით გამოირჩეოდა. დაუდგრომელი ბუნების იყო, თავგადასავლებს ეძებდა და არაერთხელ გახვეულა ხიფათშიც. ცხრა წლისას თოფი უყიდეს, სროლა ისწავლა და 13 წლის ასაკში უკვე გამოცდილ მონადირეებთან ერთად მიუვალ მთებში დადიოდა დათვებსა და მგლებზე სანადიროდ.
მას შემდეგ, რაც თბილისში ჩამოვიდა, წყნეთის ქუჩაზე პატარა, ნაქირავებ ბინაში დასახლდა. მისი ლექსები 1935 წლიდან იბეჭდებოდა ''ჩვენს თაობასა'' და სხვა ჟურნალ-გაზეთებში. 1939 წელს მწერალთა კლუბში უკვე პოპულარულ პოეტს ლიტერატურული საღამო მოუწყვეს, სადაც უკანასკნელად წაიკითხა თავისი ლექსები და ბალადები, იმავე წლის ნოემბერში წითელ არმიაში გაიწვიეს.
გაზაფხულის მახარობელი ყვავილი ია მას შემდეგ იქცა მირზა გელოვანის სიმბოლოდ, როცა თბილისიდან მეგობრის გაგზავნილ ამანათში ამ ყვავილის კონაც იდო. მას შემდეგ ჯიბით დაატარებდა და დამჭკნარი იების კონა საფლავშიც წაიღო. ''მარცხენა გულის ჯიბეში ქართული იები მაქვს, (სათუთად გახვეული უბის წიგნის ფურცლებში. თინამ გამომიგზავნა ისინი თბილისიდან). კრწანისში თუ კოჯორზე, ოქროყანაზე თუ დიღმის დიდ ველზე უნდა იყვნენ მო-კრეფილნი''.