15 მაისს, "თიბისი გალერეაში" სოციალური ორგანიზაცია "გენი ქართულის" შემოქმედებითი საღამო გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაციიდან აცნობეს, საღამოზე მისულ სტუმრებს საშუალება მიეცემათ უკეთესად გაეცნონ ორგანიზაციის არსსა და მიზანს, სურვილისამებრ გახდნენ მისი წევრები და "გენი ქართულთან" ერთად გააგრძელონ მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა და წახალისება. ღონისძიებას ექნება პრეზენტაციის ფორმატი.
საღამოზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ,,გენი ქართულის" წევრებისა და მათი მხარდამჭერი ქართველი ხელოვანების ნამუშევრები დაათვალიერონ. წარმოდგენილი იქნება: ლევან მარგიანის, ზურა მანწკავას, ქეთი მატაბელის, თამარ კვესიტაძის, მაია მაღლაკელიძის, ბიჭი სოზიაშვილის, დიმიტრი ხარჩილავას, თემურ ყაზახაშვილის ნამუშევრები.
ღონისძიებას გახსნის ორგანიზაციის დირექტორი ანი მენაბდე. მოგვიანებით ღონისძიების წამყვანი დამსწრე საზოგადოებას ორგანიზაციის მიზნებს, გეგმებსა და განხორციელებულ ღონისძიებებს წარუდგენს. საპატიო წევრობა მიენიჭება 5 სტუმარს და მათ გადაეცემათ სიგელები.
ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან "თი-ბი-სი" ბანკის წარმომადგენლები, ქართველი მომღერლები და კომპოზიტორები, დიზაინერები, მთავრობის წევრები და სხვადასხვა სფეროებში მომუშავე წარმატებული ადამიანები.
ორგანიზაცია "გენი ქართული" საქართველოში მრავალშვილიანი ოჯახების მატებასა და საზოგადოებრივი აზრის ამ კუთხით ფორმირებას ემსახურება, რითიც დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრას უწყობს ხელს.