რატომ ვერ შეძლეს ბავშვებმა ალმოდებული ოთახიდან თავის დაღწევა და რამ გამოიწვია ხანძარი? - ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის მიზეზების დადგენა, გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. მანამდე კი მხოლოდ ვერსიებზე შეიძლება საუბარი.
განიხილება ცეცხლის გაჩენის რამდენიმე შესაძლო ვარიანტი - მათ შორის ელექტროსადენების მოუწესრიგებლობა და თამბაქოს ნამწვი.
ანსამბლის ხელმძღვანელები და პედაგოგები ქეიფობდნენ, ბავშვები კი უყურადღებოდ ჰყავდათ დატოვებული, - ამის შესახებ ქობულეთში დამწვარი სასტუმრო "არმაზის" მფლობელმა შერმადინ ართმელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, რამ გამოიწვია ხანძარი, მისთვის უცნობია. ართმელაძე ამბობს, რომ ხანძრის დროს იმ ნომრის გახსნა სცადეს, სადაც ბავშვები დაიღუპნენ, თუმცა, კარი დაკეტილი იყო.
არ არის გამორიცხული, მოზარდებმა მეტალო-პლასტმასის კარის გაცხელების გამო, ვერ შეძლეს მისი გაღება. კარის გარედან ჩაკეტვის შესახებ ინფორმაცია უარყვეს მაშველებმაც.
თალიკო ვერულიძე, ქობულეთის მკვიდრი:
იძახიან, თითქოს, კონდიციონერს გაუჩნდაო. კონდიციონერი გამორიცხულია. იმას ისეთი დამცველები აქვს, მოკლე ჩართვაც რომ ყოფილიყო, მომენტალურად გათიშავდა. ...შეიძლება, სიგარეტი დამალეს და იმას გაუჩნდა.
სულხან ოქროპირიძე, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე:
რამ გამოიწვია ხანძარი, ამაზე მიმდინარეობს მოკვლევა და უახლოეს მომავალში გვექნება შესაბამისი დასკვნა.
არის ვერსიები, რომ ელექტროგაყვანილობიდან იყო... ყველა სასტუმრო, საოჯახო ტიპის იქნება, თუ სხვა, უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების ზომებს, რომ ასეთი რამ აღარ მოხდეს...
ჰუსეინ სირაბიძე, ბათუმის სამაშველო სამსახურის უფროსი:
მაქსიმალურად ხდებოდა ევაკუაცია, ხოლო როცა მოხდა ხანძრის ლოკალიზება და შევაღწიეთ ოთახში, სადაც ეს ბავშვები იყვნენ, ოთახს კარები საერთოდ აღარ ჰქონდა... რამდენადაც ვიცი, კარები ჩაკეტილი არ იყო, რადგან პოლიციის თანამშრომლებმა და სამაშველოს სამსახურმა ამ ბავშვების ნაწილის დროული ევაკუაცია შეძლეს.
ტრაგედიის ადგილზე ნანახს "კვირის პალიტრასთან" საუბრისას სახანძრო სამსახურის ოცმეთაური მალხაზ ვერულიძე აღწერს.
"გვქონდა ინფორმაცია, რომ მესამე სართულზე უნდა ყოფილიყვნენ. სამწუხაროდ, მესამე სართულზე ასვლა ვერ შევძელით, ხის კიბე იყო და იმხელა ცეცხლი გაჩნდა, კიბე ჩამოიშალა. სახანრძროს სპეცმანქანა მოვიდა, იმ მანქანის კიბით ავედი მესამე სართულზე, მერე სხვებიც ამომყვნენ. ცეცხლის პატარ-პატარა კერებს ვაქრობდით. ამ დროს ვნახეთ ბავშვები... ჩემმა კოლეგამ მითხრა, ეს რა არისო.. იმ ოთახს, სადაც ბავშვები იყვნენ, აღარც კარი ჰქონდა, აღარც ფანჯარა, არც საწოლები გვინახავს, რადგან ყველაფერი დამწვარი, დახრუკული და მიწასთან გასწორებული იყო", - ამბობს მეხანძრე.
ქობულეთის ტრაგედიის ქრონიკა თეგზე #ხანძარი ქობულეთში
იხილეთ ვიდეო: "ამბობენ, რომ ცხედარს ხელში კარის სახელური ეჭირა..."
მომზადებულია Kvirispalitra.ge-ს, Ipn.ge-სა და Rustavi.2-ს მასალების მიხედვით