"ვიცოდი, რომ მანიაკური თვისებები ჰქონდა. მართალია, მარჯვენა ხელზე თითები არა აქვს, მაგრამ ჩემი თვალით მინახავს, სწორედ იმ ხელით დანას როგორ ხმარობდა..."
ამბავი არც აფრიკის ტომში მომხდარა და არც ლენინგრადის ბლოკადის ისტორიის ნაწილია, სადაც კანიბალიზმის არაერთი ფაქტი გამოვლენილა. შემთხვევა საქართველოს რეალობაა და თავისი შინაარსით - უპრეცედენტოც. 43 წლის მიხეილ აზალაძეს სამართალდამცველებმა თავად შეარქვეს ორხეველი მანიაკი და სასამართლომ მისი დანაშაულებრივი ქმედების შესაბამისი ვერდიქტიც - სამუდამო პატიმრობა გამოიტანა.
გორელ ვაშლის გამყიდველს ბრალად არაერთი სასტიკი მკვლელობა, ცხედრების დანაწევრება და ქალების გაუპატიურება ედებოდა. პირველი მკვლელობა აზალაძეს ფიზიკური ნაკლის გამო ვერ დაუმტკიცდა (მას მარჯვენა ხელზე თითები არ ჰქონდა. ქარხანაში მუშაობისას დაზგაში ხელი ჩაჰყოლია) და როცა სასამართლოს წინაშე წარდგა, მხოლოდ დანაშაულის დაფარვისთვის გაასამართლეს.
მიხეილ აზალაძემ 2004 წლის მარტში სოციალური მუშაკი გია ბრიტულიჩი გამოასალმა სიცოცხლეს. ბრიტულიჩის ცხედარი მკვლელის სახლში, თბილისში, ჩანტლაძის #1-ში (ორხევის დასახლება) აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით, ის მსხვერპლს ჯერ არყით გაუმასპინძლდა, შემდეგ კი ყელი გამოსჭრა. გვამს თავდაპირველად სახლში ინახავდა და ჩადენილი მკვლელობის შესახებ პოლიციას თავად აცნობა მას შემდეგ, რაც გვამის სუნმა შეაწუხა. პირველი ინსტანციის სასამართლომ აზალაძეს რამდენიმეწლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, ადვოკატებმა განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს - აზალაძე მსგავს დანაშაულს ვერ ჩაიდენდა, მარჯვენა ხელზე თითები არა აქვსო. ადვოკატის პოზიცია ექსპერტიზის დასკვნითაც გამყარდა. დასკვნაში ეწერა, რომ ის დანას ხელში ვერ დაიჭერდა. საბოლოოდ სასამართლომ დაცვის პოზიცია გაიზიარა და აზალაძე გაამართლა, მაგრამ ვინაიდან გვამი მის ბინაში აღმოჩნდა, დანაშაულის დაფარვისთვის გაასამართლეს.
ციხიდან გათავისუფლებულმა აზალაძემ ნავთლუღის ბაზარში ვაშლით ვაჭრობა დაიწყო. პოლიციის ცნობით, 2008 წლის 25 მარტის საღამოს ის მეგობრის შვილს, 27 წლის ვასიკო მეცხვარიშვილს შეხვდა, შინ მიიპატიჟა და არყით გაუმასპინძლდა. შემდგომში, საქმის მასალებით გაირკვა, რომ მათ შორის წარსულში არსებობდა კონფლიქტი, რომელიც იმ შეხვედრის დროს გაიხსენეს... აზალაძემ მეცხვარიშვილი სასტიკი წამებით მოკლა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, თავი და მკლავები მოაჭრა, სხეულის ნაწილები ე.წ. დუბაის პარკში ჩადო და კორპუსთან ახლოს, ნაგვის ურნაში ჩაყარა, ტანი კი დილაადრიანად ეზოში ჩაიტანა, ცეცხლი წაუკიდა და დაწვა. შინ დაბრუნებულმა იქაურობა მოაწესრიგა და მშვიდად დაიძინა.
მოკლულის სხეულის ნაწილები ისანი-სამგორის რაიონის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ნაგვის გადასაზიდი მანქანის დაცლის დროს ნახეს.