დღეს ვაკის პარკში, ომის ვეტერანებთან შესახვედრად მისულ სამხედრო ექსპერტს, ტრისტან წითელაშვილს საღებავი შეასხეს. ჩვენ დავუკავშირდით მას და ამ ინციდენტზე კომენტარი ვთხოვეთ:
- მე ვაკის პარკში მოვედი, რათა ვეტერანებისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე. ვაკის პარკში შემოსვლის დროს აქ დამხვდა "ნაციონალური მოძრაობის" კრიმინალური ბანდა, რომელსაც "თავისუფალი ზონა" ჰქვია და მოხდა ჩემსა და მათ შორის შეტაკება. იყო ფიზიკური დაპირისპირებაც, მაგრამ პოლიციამ განმუხტა სიტუაცია. გპირდებით, რომ ასე არ დავტოვებ და ბოლომდე მივიყვან ამ საქმეს. ყველა აგებს პასუხს ამ უმსგავსობის გამო. ეს გაყიდული ახალგაზრდები არიან და მე მათ აუცილებლად მოვთხოვ პასუხს.
- გავრცელდა ფოტოები, რომ თქვენ საღებავი შეგასხეს.
- კი, მათ ისროლეს საღებავი და მეც მომხვდა, თუმცა ჩემს გარდა იქ სხვებსაც მოხვდათ საღებავები. იყო ლურჯი საღებავი, მომხვდა სახეში და ტანსაცმელზე. მაგათ სხვანაირი მეთოდები არ აქვთ, სალაპარაკოდ ეგენი არ მოდიან, რადგან იციან, რომ ნებისმიერ დიალოგში გამტყუნდებიან და ასე ღორულად ცდილობენ ადამიანებთან ურთიერთობას. ეს არის არაკაცური და ხულიგნური საქციელი. ამის პატიება არ შეიძლება და არც ვაპატიებ. ესენი მარტო მე კი არა, ყველას ასე ხვდებიან, ვინც ქართულად აზროვნებს და ვისაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სურს.
- სასამართლოში ჩივილს ხომ არ აპირებთ?
- არა, ჩივილს არ ვაპირებ. შევხვდები მათ და დაველაპარაკები ისე, როგორც კაცი კაცს და თუ კაცები არიან, გაიგებენ.
- რას გულისხმობთ კაცურ დალაპარაკებაში? ქუჩაში აპირებთ საქმის გარჩევას?
- როგორც მოეთხოვება ვაჟკაც კაცს, მოვიქცევი ისე და არა ისე, როგორც ეგენი იქცევიან. გპირდებით, რომ მალე ნახავთ შედეგს, თუ რა დღეში ჩავარდებიან ეგენი. არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნებიან, სახლში თუ სადარბაზოში. ვერ დამემალებიან, პასუხს მოვთხოვ ყველას.
ამავე თემაზე კომენტარი ვთხოვეთ "თავისუფალი ზონის" ერთ-ერთ ლიდერს ფარნაოზ ჭკადუას, რომელიც უარყოფს ფიზიკურ დაპირისპირებას "თავისუფალი ზონის" აქტივისტებსა და ტრისტან წითელაშვილს შორის და ამბობს, რომ "თავისუფალი ზონა" საერთოდ არ ყოფილა იქ".
"იმ დროს, როდესაც ინციდენტი მოხდა, "თავისუფალი ზონა" საერთოდ არ ყოფილა იქ, და შესაბამისად, ვერ გეტყვით, ვინ შეასხა ტრისტან წითელაშვილს საღებავი. თუ არ ვცდები, ამ ინციდენტის გამო ვიღაცეები დაკავებული არიან და ალბათ, გავრცელდება კიდევ ინფორმაცია", - ამბობს ფარნაოზ ჭკადუა Ambebi.ge-სთან საუბარში.
ლადო გოგოლაძე
AMBEBI.GE
თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი.