რამდენი დროც არ უნდა გავიდეს და როგორც არ უნდა გადაფასდეს მოვლენები, მეორე მსოფლიო ომი კაცობრიობის ისტორიის უდიდეს ადამიანურ ტრაგედიად დარჩება. ომი, რომელმაც მილიონობით ადამიანს სიცოცხლე, ოცნება და ბედნიერება მოუსპო. უამრავმა დოკუმენტმა შემოინახა ის არაადამიანური სისასტიკე, რაც უდანაშაულო ადამიანებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს, თუმცა ყველაზე ემოციური და იმ საშინელების უნიკალური "ცოცხალი" მოწმე 13 წლის ებრაელი გოგონას, ანე ფრანკის დღიურია.
1943 წლის აგვისტოში გერმანიის სამხედრო პოლიციამ ებრაელების მორიგი ჯგუფი აღმოაჩინა სამალავში. 8 ადამიანი, რომელიც 2 წლის განმავლობაში სპეციალურ თავშესაფარში იმალებოდა, დააპატიმრეს და საკონცენტრაციო ბანაკებში გაანაწილეს. სამხედრო პოლიციამ, რა თქმა უნდა, გაჩხრიკა და ყირაზე დააყენა სამალავი... ამ არეულობაში არავის მიუქცევია ყურადღება ერთი ჩვეულებრივი რვეულისთვის, რომელმაც წლების შემდეგ მსოფლიო აალაპარაკა. ეს თავშესაფრის ბინადრის, 13 წლის ანე ფრანკის დღიური იყო, რომელსაც გარე სამყაროსგან მოწყვეტილი გოგონა 2 წლის განმავლობაში უზიარებდა შიშს, სასოწარკვეთილებას, ზოგჯერ კი ბავშვურ, სასაცილო შთაბეჭდილებებს. ბევრს მიაჩნია, რომ იმ საზარელი ომის მამხილებელი დოკუმენტებიდან ანეს დღიური ყველაზე სულისშემძვრელი და ტრაგიკულია, პირველ რიგში იმიტომ, რომ ასევე ტრაგიკულად განვითარდა მისი დამწერის ბედიც...
ანე ებრაელი კომერსანტის, ოტო ფრანკის უმცროსი ქალიშვილი გახლდათ. ოჯახი გერმანიაში ცხოვრობდა, თუმცა ებრაელთა დევნის გამო ჰოლანდიას შეაფარა თავი. გერმანელებმა იქაც დაიწყეს ებრაელთა შევიწროება და როცა უფროს ქალიშვილს, მარგოს გესტაპოდან უწყება მოუვიდა, ოჯახი სპეციალურად მოწყობილ სამალავში გადაბარგდა. თავშესაფარი თანამშრომელთა დახმარებით ფირმის შენობაში მოაწყვეს. ამავე თავშესაფარში კიდევ ერთი ოჯახი - ვან დაანი ცოლითა და ვაჟიშვილი პეტერით, ასევე კბილის ექიმი დუსელი გადავიდა. საბოლოოდ ეს 8 ადამიანი სრულებით მოწყდა გარე სამყაროს და თავშესაფრის მკაცრ წესებს დაემორჩილა. საარსებო საშუალებებს ისინი მეგობრებისგან იღებდნენ. თავშესაფარში მიმდინარე ამბებს კი ანე დღიურში აღწერდა, რომელსაც წარმოსახვითი მეგობარი, კიწი უწოდა.
"გუშინ უსაზღვრო შიში განვიცადე. რვა საათზე ზარი დარეკეს და ყველაზე საშინელი რამ წარმოვიდგინე - ხომ იცი, რაზეც ვლაპარაკობ. დამარწმუნეს, ქუჩის ბიჭებმა დარეკესო... ჩვენ ძალზე ჩუმად ვართ, ვინ იფიქრებდა 3 თვის წინ, რომ მოუსვენარი ანა საათობით იჯდებოდა ერთ ადგილას და ხმას არ გაიღებდა."
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 1943 წელი
"თავს ისე ვგრძნობ, როგორც ფრინველი, რომელსაც ფრთები შეაჭრეს. "გარეთ გამიშვით" - გაჰკივის ჩემში ყველაფერი. მენატრება ჰაერი, სიცილი, მაგრამ ვიცი, რომ პასუხს არავინ მომცემს. დასაძინებლად მივდივარ, იქნებ როგორმე მოვკლა შიშით დამძიმებული დრო".
კვირა, 13 თებერვალი. 1944 თავშესაფრის ბინადრებს არავითარი ეჭვი არ ჰქონდათ, რომ მათ სამალავს უკვე უთვალთვალებდნენ...