ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის წელს ახალი შენობის მშენებლობა დაიწყება. შენობა აშენდება მცხეთაში ან თბილისში. ამის შესახებ ინფორმაცია მმართველ უმრავლესობას ირაკლი ღარიბაშვილმა მიაწოდა. მან განათლების მინისტრს მიმართა, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან დაკავშირებულ პროცესში პარლამენტის წევრები ჩართოს და საქმე მაქსიმალურად გამჭირვალე გახადოს.
"ეს ისტორიული მოვლენა იქნება, რადგან საქმე არ ეხება ერთი კონკრეტული სამინისტროს კუთვნილებას. ეს არის ჩვენი ეროვნული საგანძური, რომელსაც სათანადო ყურადღების მიქცევა სჭირდება. წელს ვაპირებთ დავიწყოთ ახალი შენობის მშენებლობა. საქართველოს ექნება შესაბამისი დონის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შენობა. ეს შეიძლება იყოს მცხეთაში ან თბილისში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა უმრავლესობასთან შეხვედრისას.
უმრავლესობის სხდომაზე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან დაკავშირებულ პროცესზე ყურადღება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გუბაზ სანიკიძემ გაამახვილა, რომელმაც მთავრობას მიმართა, რომ ის, რაც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება "არ არის ტვირთი ადგილი მოუნაცვლო".