საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე რიგის სამიტის წინ ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს და ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს ერთობლივი წერილით მიმართავენ.
ერთობლივი წერილის თარგმანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, წერილში, რომელსაც პრეზიდენტი, მთავრობის მეთაური და პარლამენტის თავმჯდომარე ერთობლივად აწერენ ხელს, საუბარია რიგის სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდონებზე, ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგულებასა და შეუქცევადობაზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წერილში ასევე აღნიშნულია ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი რეგიონში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების ფონზე, როდესაც რუსეთი უხეშად არღვევს მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამით ეწინააღმდეგება სუვერენული ერების თავისუფალ არჩევანს.
საქართველოს ლიდერები მიმართავენ ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს, რომ რიგის სამიტმა უნდა აჩვენოს, რომ ევროკავშირი ერთგულია მისი ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების.