"რუსთავი 2"-ის პროპაგანდისტული მანქანა მთელი სიმძლავრით ამოქმედდა", - დაახლოებით ასეთი შინაარსის შეფასებები მოვისმინეთ მმართველ გუნდისა და მისი მხარდამჭერებისგან ამ კვირის გადაცემა "არჩევანის" დასრულების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ გუშინწინდელ გადაცემაში ტელეკომპანიის ყველაზე ცნობილი ჟურნალისტები, საქართველოს ყველა კუთხიდან, ტელემაყურებლებს დღევანდელი ყოფიერების გაუსაძლისობას აჩვენებდნენ, რომელიც თვითონაც სულ ახალახან აღმოაჩინეს...
ზოგადად, როდესაც მოწინააღმდეგეს მიზეზს ე.წ. სატოპკეს მისცემ, ის ამ მიზეზს აუცილებლად გამოიყენებს და ეს მეტოქის ბრალი სულაც არ იქნება. ზუსტად ასევე გამოიყენეს თავის დროზე ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა "ნაციონალური მოძრაობის" სისუსტეები და ხელისუფლებაში მოვიდნენ. გუშინწინდელი დღის მერე, "9 წლით" უკმაყოფილო ხალხი კვლავ ძველ არგუმენტებს მიუბრუნდა და "რუსთავი 2"-ს სუბიექტურობასა და ორმაგ სტანდარტებში კიდევ ერთხელ დასდო ბრალი.
მართალია, "გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად" წოდებულ არხზე დამარცხებული და გაჭირვებული ადამიანების შესახებ ინფორმაცია სულა ახლახანს შეიტყო და სულ რაღაც 1-2 წელია აღმოაჩინა, რომ თურმე ქვეყანაში ვიღაცას უჭირს, მაგრამ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება... შესაბამისად, პროპაგანდაც რეალობის გარეშე არ არსებობს. ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია და ეს ახალი ამბავი სულაც არ არის. რა თქმა უნდა, ეს ხალხი ორ წელიწადში არ გაღატაკებულა, მაგრამ ოცნება იმაზე, რომ ნელ-ნელა დააღწევდნენ სიდუხჭირეს თავს ნელ-ნელა ქრება... ორი აზრი არ არის, რომ "რუსთავი 2"-ი ორმაგი სტანდარტების ტელეკომპანიაა და კონკრეტული პოლიტიკური ძალის დაკვეთას ასრულებს, მაგრამ როდესაც გაჭირვებული ადამიანების დიდი ჯგუფი საკუთარ სიღატაკეზე ღიად ლაპარაკობს, ამ ყველაფერს "9 წლითა" და "სიცრუის მანქანის" ძახილით არ უნდა უპასუხო. პირიქით, ხელისუფლება უნდა ეცადოს პრობლემების მოსაგვარებლად პრაქტიკული ნაბიჯები გადადგას.