ქუთაისში რეჟისორ რეზო ჩხეიძის სახლი, სადაც ჩხეიძე დაიბადა და სიცოცხლის ბოლო წლების გატარებას აპირებდა, მისი სურვილით რამდენიმე თვის წინ კინოსახელოსნოდ გადაკეთდა. სახლს ხელოვნების სახლი - "ჯარისკაცის მამა" ეწოდა. ამავე სახლში კინორეჟისორის ეროვნული არქივიც დაბინავდა, რომელიც სპეციალურად თბილისიდან ჩამოიტანეს, თუმცა მისმა ავადმყოფობამ საქმის განხორციელებას ხელი შეუშალა.
გააგრძელებს თუ არა დაწესებულება ფუნქციონირებას და ვინ უხელმძღვანელებს კინორეჟისორის ხელოვნების სახლს? - ამ თემაზე topnews.com.ge-სთან რეზო ჩხეიძის ახალგაზრდა მეგობარი და "ჯარისკაცის მამის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, შალვა კამლაძე საუბრობს.
"მოგეხსენებათ, ეს სახლი არის ბატონი რეზოს ბავშვობის ეპოქის, მაგრამ წლების მანძილზე აღარ იყო ჩხეიძეების მფლობელობაში. წელიწადნახევრის წინ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით და მისი ძალიან დიდი სურვილით, სახლი კვლავ მას დაუბრუნდა და დიდი გეგმებიც ჰქონდა, რომელიც ამ სახლში უნდა განხორციელებულიყო. ეჭვიც არ მეპარება, რომ საქმე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ ქალაქის მერია დაინტერესებულია ამ გეგმებით" , - ამბობს შალვა კამლაძე.