რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მეგობრებად ცნობილი რუსი ბაიკერების კლუბის "ღამის მგლების" წევრები უკვე საქართველოში არიან და დედაქალაქის გარდა ქვეყნის რამდენიმე ქალაქსაც ეწვივნენ. არსებობს ვიდეოკადრებიც, რომელიც მათ საქართველოში ვოიაჟს ასახავს. არსებული ინფორმაციით, ისინი 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ვაკის პარკში აღნიშნავენ.
9 მაისს რუსი ბაიკერები ვაკის პარკში ვერ შევლენ, - ამის პირობას ქართველი ბაიკერები დებენ. საქათველოს მოტოკლუბის პრეზიდენტი ვახტანგ შენგელია ამბობს, რომ რუსი ბაიკერები, რომლებიც საქართველოში პოლიტიკური მიზნით იმყოფებიან და ოკუპაციის სიმბოლოდ ქცეულ "გეორგიევსკაია ლენტოჩკებით" მოძრაობენ, უცნობი ჯარისკაცის საფლავზე მისვლას არ იმსახურებენ და ამით მხოლოდ ხალხის გაღიზიანებას გამოიწვევენ. ქართველი ბაიკერები იმედოვნებენ, რომ 9 მაისს რუსი ბაიკერები მათ მოთხოვნას გაითვალისწინებენ და სიტუაცია არ დაიძაბება.
"ჩვენ ვართ ბაიკერები, თავისუფალი და პატრიოტი ხალხი. რუსი ბაიკერები არც კი შეგვითანხმდნენ და ისე ჩამოვიდნენ საქართველოში. მოხსნან "გეორგიევსკაია ლენტოჩკები" და დროშები და ისეირნონ ქალაქში, ამას ვერ დავუშლი. თუმცა, მოვიდეს ჩვენ ქვეყანაში და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ხელი ჩამოართვას მაშინ, როდესაც2008-ში ამ ვეტერანებს ესროდნენ, არ გამოვა. ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაცია", - აცხადებს შენგელაია.
მისივე თქმით, ე.წ. "გეორგიევსკაია ლენტოჩკები" იყო მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების სიმბოლო, თუმცა ის დღეს ოკუპაციის სიმბოლოდ იქცა.
"ამ ლენტით ებრძვიან ჩვენ ძმებს, უკრაინელებს. რუსი ტერორისტები ამ ლენტას იყენებენ. ამ ლენტებით ვერ ივლიან. ქვეყანას უნდა ეზრუნა, რომ არ შემოეშვათ და პროვოკაციები არ გამოეწვიათ. თან არც კარგად იქცევიან. სიღნაღში ხელი კრეს გოგონას", - აღნიშნა ქართველმა ბაიკერმა.
ევრაზიის ინსტიტუტის წევრი ირაკლი ყიფიანი რუსი ბაიკერების მხრიდან ვაკის პარკში მისვლას და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან შეხვედრაში პრობლემას ვერ ხედავს. მისივე თქმით, არავის აქვს უფლება რუს ბაიკერებს უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მისვლა აუკრძალონ. თავის მხრივ, ევრაზიის ინსტიტუტი 9 მაისს ღონისძიებებს მთელი საქართველოს მასშტაბით გამართავს, მათ შორის იქნება ვაკის პარკში "გეორგიევსკაია ლენტოჩკების" დარიგებაც. მისივე თქმით, რუს ბაიკერებთან უშუალოდ მას შეხება არ აქვს.
"მე წვდომაც არ მაქვს ამ ბაიჯერების შესახებ, თუ ვინ სად იბრძოდა. მე ერთი ვიცი, რომ თუ ადამიანს "გეორგიევსკაია ლენტოჩკა" უკეთია, ამას საქართველოში ადამიანების მცირერიცხოვანი რაოდენობა აღიქვამს პრორუსულად, ოკუპანტურად და ა.შ. ადამიანებმა არ იციან რეალურად რას ნიშნავს ეს ლენტა. ვერ ვხვდები საერთოდ ქართველ ბაიკერებს რა პრეტენზია აქვთ რუს ბაიკერებთან, თუ ისნი ლენტებით მივლენ. შეცდომაში არიან შეყვანილები, რომ ეს ლენტები არის ოკუაპციის სიმბოლო. გადაშალონ წიგნი და გაეცნონ. შეიძლება ადამიანმა რამე არ იცოდეს და იყოს ბინძური პროპაგანდის მსხვერპლი", - განაცხადა ყიფიანმა.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში შესამჩნევია, რომ სახალხო დიპლომატიის დონეზე თითქოსდა დამთბარი რუსულ-ქართული ურთიერთობები იქცა ისევ შეტევის საგნად და ყოფილი ხელისუფლების სატელიტი არსამთავრობო ორგანიზაციები დაკავებულები არიან აქტიური იერიშებით ამ ურთიერთობის წინააღმდეგ.
"მე ძალიან გამიხარდება, თუ ქართველი ბაიკერები ამის მსხვერპლი არ გახდებიან და ძალიან რეალურად შეფასაებენ, რა ხდება. თუ წამოეგებიან პროვოკაციას, ძალიან მეწყინება", - აღნიშნა ყიფიანმა.
30-მდე რუსი ბაიკერი საქართველოში რამდენიმე დღეა შემოვიდა. არსებული ინფორმაციით, 9 მაისს ისინი ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან აპირებენ მისვლას.
მეტი ინფორმაციისთვის| პუტინის "ღამის მგლები" უკვე თბილისში არიან
PalitraTV.ge
ლექსო ნაბახტეველი
AMBEBI.GE
თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი.