ყველაზე ძვირი სიამოვნება სანადირო ტურებია
ეგზოტიკურ ქვეყნებში დასვენებასა და ველური ბუნების ნახვაზე ბევრი ადამიანი ოცნებობს. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ამ ტიპის ტურები საკმაოდ დიდი ფუფუნებაა და ბევრი ვერ ახერხებს აფრიკის ველურ ბუნებაში სანადიროდ წასვლას, ანაც ჰიმალაის დალაშქვრას.
ბპნ.გე დაინტერესდა ყველაზე გამორჩეული ეგზოტიკური ტურებით, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ადგილობრივი ტურისტული სააგენტოები სთავაზობენ. რა იზიდავს ქართველ ტურისტებს ეგზოტიკურ ქვეყნებში? - ამ შეკითხვას ტურისტული ბიზნესის წარმომადგენელები განსხვავებულად პასუხობენ.
როგორც ტურიზმის ექსპერტი ნიკა ერქომაიშვილი ამბობს, ყველაზე ძვირი სიამოვნება სანადირო ტურებია, ამიტომ ამ ტიპის დასვენებას საქართველოში მხოლოდ ერთეულები ახერხებენ.
"ვიცი რამდენიმე შეძლებული ქართველი, რომელიც სანადიროდაც ყოფილა აფრიკაში, გასაბერი ბუშტითაც უფრენია, საჰარის უდაბნოშიც ყოფილა და ყველაზე მაღალი მთებიც დაულაშქრავს. თუმცა, ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა, რომელსაც მხოლოდ ვიწრო წრე ახერხებს. საქართველოში ასეთი ხალხის რაოდენობა მცირეა, თანაც, ისინი ჩადიან ეგზოტიკურ ქვეყნებში და ძირითადად იქაურ ტურისტულ კომპანიებს მიმართავენ. საქართველოში წელიწადში სულ რამდენიმე ადამიანი თუ ახერხებს ჰიმალაის დალაშქვრას ან ალპებზე ასვლას, რადგან ამას რამდენიმე ათასი დოლარი სჭირდება. თუმცა არის კატეგორია, რომელიც თხილამურებზე სასრიალოდ ალპებში მიდის, მაგრამ ეს მხოლოდ ერთეულთა ხვედრია. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ უცხოელებისთვის საქართველოც ეგზოტიკური ქვეყანაა. მათ აქ ბევრი რამ აინტერესებთ, ზოგს ისტორია და რელიგია, ზოგს არქიტექტურა, ზოგსაც - ველური ბუნება და მთების დალაშქვრა მოსწონს. ყველაზე პოპულარული კი მათთვის მყინვარწვერზე ასვლაა. ეს მთა ტექნიკურად საკმაოდ ადვილი დასალაშქრია და თანაც, ტურისტი 5 ათასი მეტრის სიმაღლეზე ადის. ასე რომ, კავკასიის რეგიონით დაინტერესებულ ადამიანებს ჩვენთანაც ბევრი რამ იზიდავს", - აღნიშნა ნიკა ერქომაიშვილმა.
რომელი ეგზოტიკური ქვეყნებია ქართველ ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარული? - ამის თაობაზე ტურისტული კომპანია Good Travel-ის გაყიდვების მენეჯერს სალომე გორგოძეს ვკითხეთ. მისი თქმით, ეგზოტიკურ ადგილებს შორის ქართველ ტურისტებს ყველაზე მეტად მოსწონთ ტურები ტაილანდში, შრი-ლანკასა და მალდივებზე.