ქართული ფეხბურთის კორუფციული სკანდალის ყველა დეტალი და ცნობილი გულშემატკივრების შეფასებები

ქართული ფეხბურთის კორუფციული სკანდალის ყველა დეტალი და ცნობილი გულშემატკივრების შეფასებები

თამაშების ჩაწყობის ბრალდებით სულ 8 პირია დაკავებული. შსს-ს ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრებების მონაწილეთა მოსყიდვის ფაქტზე დაკავებულები არიან:

საფეხბურთო კლუბ "სტუ თბილისის" პრეზიდენტი ოთარ შენგელია, საფეხბურთო კლუბ "საჩხერის ჩიხურას" ყოფილი სელექციონერი და ყოფილი ფეხბურთელი დავით გენძეხაძე, აზიური ტოტალიზატორის - "იბცბეტ"-ის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში ომარ ნ, საფეხბურთო კლუბ "ხარაგაულის ჩხერიმელას" მოქმედი ფეხბურთელები – გიორგი გ. და თემურ ს, საფეხბურთო კლუბ "ქუთაისის ტორპედოს" ყოფილი ფეხბურთელი გიგა ბ, ასევე ორი პირი – იოსებ გ. და გიორგი კ, რომლებიც მოსყიდვაში მონაწილეობდნენ.

ამ თემაზე კომენტარი ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს, ცნობილ ტელესახეებს, გიორგი ჯანელიძეს და გოჩა თანდარაშვილს ვთხოვეთ.

გიორგი ჯანელიძე:

- ისეთ ღარიბ ტურნირში, როგორც ჩვენი ჩემპიონატის პირველი ლიგაა, აუცილებლად იქნებოდა მსგავსი რაღაც და კარგია, რომ გამოიძიეს. მახსოვს, რომ არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ფედერაციის ხელმძღვანელობა ამბობდა, რომ თვითონ ჰქონდათ ეჭვი მსგავს გარიგებებზე და ტოტალიზატორებს თავად სთხოვეს გარკვეული მონაცემების შესწავლა, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც არც ჩვენს შსს-ს და მით უფრო ფედერაციას, ხელი არ მიუწვდებათ. ასეთი ქვეყნებია: ჰონკონგი, სინგაპური, ტაილანდი და სხვა... სადაც ტოტალიზატორებთან თანამშრომლობა წარმოუდგენელია.

- როგორ ფიქრობთ, გამოსავალი თუა ამ პრობლემიდან?

- სანამ ასეთი ცოტა ფული იტრიალებს ქართულ ფეხბურთში, ყოველთვის მოხდება მსგავსი ფაქტები. ბოლო 20 წელია, ფეხბურთი ძალიან ძვირი სპორტი გახდა და სანამ ჩვენ ოდნავ მაინც არ წამოვეწევით, ასეთი სამწუხარო ფაქტების გამეორება არ გამიკვირდება. მახსოვს რევაზ არველაძემ რეკომენდაცია მისცა უცხოურ ტოტალიზატორებს, რომ ჩვენი ჩემპიონატის დაბალ ლიგებზე ფსონები არ მიეღოთ. მე ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან მას გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვს, რომელსაც მატჩის მსაჯები, კომისრები აწვდიან დეტალურად და უკეთ იცის, თუ რა ხდება ჩემპიონატებში და ალბათ, მდგომარეობა იყო საგანგაშო და ამიტომაც გააკეთა ეს განცხადება.

- იმ გუნდის გულშემატკივრისთვის რამდენად მისაღები იქნებოდა ეს ფაქტი, რომლის ფეხბურთელებიც ამ დანაშაულში იყვნენ მხილებული?

-მას შემდეგ, რაც "იუვენტუსს" რამდენჯერმე ამოუქექეს დარღვევები, გუნდის გულშემატკივრები არ გამქრალან და "ჩხერიმელას" თუ ვინმე გულშემატკივრობდა, ალბათ, ისევ უგლშემატკივრებს.

გოჩა თანდარაშვილი:

-არავის დაჭერა არ მიხარია, მაგრამ ასეთი ფაქტი რომ გამოვლინდა და საგამოძიებო სამსახური ასეთ ფაქტებზე მუშაობს, ეს კარგია. ვიცით ყველამ, რომ ხშირად ხდება ასეთი ფაქტები (ცოტა ხნის წინაც მოხდა ასევე ფეხბურთელებზე, აგრეთვე იყო მსაჯების შემთხვევაც), მაგრამ როგორც ჩანს, ადრინდელი ფაქტი არ აღმოჩნდა გაკვეთილი და იმედია, ეს მაინც იქნება ვინმესთვის მაგალითის მიმცემი და ასეთი ფაქტები აღარ განმეორდება. ზოგადად, რაც შეიძლება მალე თუ მოგვარდება ეს პრობლემა, ქართული ფეხბურთისთვის იქნება ძალიან კარგი.

- რამდენად სწორი იყო რევაზ არველაძის განცხადება, როდესაც მან რეკომენდაცია მისცა უცხოურ ტოტალიზატორებს, რომ საქართველოს ჩემპიონატის დაბალ ლიგებზე არ მიეღოთ ფსონები?

- უცხოურ და ქართულ ტოტალიზატორებშიც აუცილებლად უნდა იყოს ქართულ გუნდებზე ფსონები. ასეთი რეკომენდაციებით ვერ შევებრძოლებით ჩაწყობილ თამაშებს, რადგან თუ მათ წინააღმდეგობა იგრძნეს, გადავლენ იატაკქვეშ, რასაც მთელი მსოფლიო ებრძვის, მაგრამ მაინც ვერაფერს უხერხებს. შესაბამისად, ასეთი რეკომენდაციებით ვერაფერს ეშველება, ხოლო თუ ჩვენი ჩემპიონატი ბევრ ტოტალიზატორში იქნება წარმოდგენილი, ეს ჩემპიონატის რეკლამა იქნება და გაიგებენ, რომ თურმე საქართველოშიც ტარდება ჩემპიონატი, თორემ ძალიან მწყდება გული, როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საბუქმეიქერო კანტორის ვებ-გვერდზე არის წარმოდგენილი სომხეთის და აზერბაიჯანის ჩემპიონატი და იქვე საქართველო არაა.

შეგახსენებთ, რომ დაკავებული პირები 10 000 ლარიდან 20 000 ლარამდე თანხის სანაცვლოდ, წინასწარ ურიგდებოდნენ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე სხვადასხვა გუნდის წარმომადგენლებს კონკრეტული საფეხბურთო მატჩების სასურველი შედეგით დასრულებისთვის. შემდეგ, წინასწარ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ონლაინ ტოტალიზატორებში შესაბამის ფსონებს ათავსებდნენ და მოგებულ თანხას ერთმანეთში ინაწილებდნენ.

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 203-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

თემის ყველა დეტალი თეგზე # ქართველი ფეხბურთელების დაკავება

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

სიახლე!

თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია