საიმონ გრინისთვის "ბითმეიქინგი" პირადული საქმეა. ბრიტანელი მუსიკოსი 90-იან წლებში ბენდში უკრავდა, სანამ მუსიკალურ სცენაზე ბონობოს სახელით გამოჩნდებოდა. ახალი მილენიუმის დასაწყისში ბონობო სემპლერით და სხვადასხვა ინსტრუმენტების კაკაფონიით გამოჩნდა მსმენელთა სამსჯავროზე. რამდენიმე წელიწადში ფანების დიდი რაოდენობა მოაგროვა, 2010 წელს კი, როდესაც მისი მაგნუმ ოპუსი, ალბომი Black Sands გამოვიდა, გრინი ელექტრონული მუსიკის მოწინავედ და ჟანრულ პიონერად აღიარეს.
დღემდე ბონობოს 5 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. არტისტი გამოირჩევა ცოცხალი და ენერგიული ლაივ პერფორმანსებით. ის მრავალმა გამოცემამ აღიარა ერთ-ერთ საუკეთესო ლაივ ელექტრონული მუსიკის შემსრულებლად. ამჟამად მისი პერფორმანსები Dj Set-ებით შემოიფარგლება. მიუხედავად იმისა, რომ საიმონ გრინი დაახლოებით 15 წელია ამ სფეროშია, მისი პროდუქცია ყოველთვის ახალი და აქტუალურია.
16 მაისს ბონობო საქართველოში დაუკრავს, ის თბილისს tERminal-ს ივენთის ფარგლებში ეწვევა. tERminal არის პროექტი, რომელიც 2015 წელს შეიქმნა. პროექტი ორიენტირებულია მუსიკაზე, იგი ასევე მოიაზრებს სივრცეს აუდიო-ვიზუალური ხელოვნებისთვის. პროექტის მიზანია საქართველოში მედია არტის განვითარების ხელშეწყობა, რაც გულისხმობს ციფრული ხელოვნების და სხვადასხვა აუდიო-ვიზუალური პროექტების ინტეგრირებას მუსიკალურ ღონისძიებებში. tERminal აქტიურად გეგმავს ქართველი აუდიო-ვიზუალური არტისტების პრომოუშენს და მათ ხელშეწყობას. მიუხედავად პროფილის მრავალფეროვნებისა, ელექტრონული მუსიკა არის ის ძირითადი ღერძი, რის გარშემოც tERminal იმუშავებს.
პროექტის მნიშვნელოვანი ასპექტია ქართველი და არა მარტო ქართველი არტისტების პრომოუშენი, რაც გულისხმობს სპეციალური სააგენტოს შექმნას (Booking Agency), რომელიც მოემსახურება მასში გაერთიანებულ აუდიო თუ ვიზუალ არტისტებს.
პროექტის ფარგლებში ამოქმედდება ვებგვერდი, რომელიც მკითხველს ყოველდღიურად მიაწვდის ალბომების, ივენთების რეცენზიებს, რეკომენდაციებს და ელექტრონული მუსიკის სფეროსთან დაკავშირებულ სხვადასხვა საინტერესო სიახლეებს.
tERminal-ის პირველი ივენთი ჩატარდება 16 მაისს, პროფკავშირების კულტურის სახლში (ვაჟა-ფშველა 43/1)
Line Up:
23:00 - 01:30 Gio Shengelia
01:30 - 03:30 Bonobo
ბილეთის ფასი 25 ლარია.
ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია საიტზე: www. eventer.ge
ასევე, კულტურის სახლის სალაროში, 14 მაისიდან