ისტორიკოსმა რობერტ ჰენდერსონმა, რომელიც ლონდონში, დედოფალ მარიას უნივერსიტეტში მოღვაწეობს, აღმოაჩინა ვლადიმერ ლენინის ”ნამდვილი სიყვარულის” ფოტო. ითვლებოდა, რომ ეს ფოტო ასი წლის განმავლობაში დაკარგული იყო.
ჰენდერსონმა ფოტო აპრილში აღმოაჩინა, როდესაც თავისი წიგნისთვის ეძებდა მასალებს. ფოტო მოსკოვში, სახელმწიფო არქივში ინახებოდა. ჰენდერსონის თქმით, ფოტო მისთვის ”მოულოდნელი სიხარული” იყო.
აპოლინარია იაკუბოვა, ქალი, რომელიც ფოტოზეა გამოსახული, თავის ქმართან ერთად, ლენინთან და მის მეუღლესთან, ნაძეჟდა კრუპსკაიასთან დაახლოებულ პირებად ითვლებოდნენ. იაკუბოვა რუსეთიდან ლონდონში გადასახლდა. მას იცნობდნენ იმ დებატებით, რომლებსაც კომუნისტური დოქტრინის შესახებ მართავდა ისტ ენდში. 1908 წელს ის სანკტ-პეტერბურგში დაბრუნდა, მაგრამ ჰენდერსონის თქმით, იაკუბოვას ბედის შესახებ მეტი არაფერია ცნობილი. ითვლება, რომ ის 1913-დან 1917 წლების შუალედში გარდაიცვალა.
1964 წელს ამერიკელმა ჟურნალისტმა ლუის ფიშერმა განაცხადა, რომ ლენინი იაკუბოვას ხელს თხოვდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ცოლობაზე უარი უთხრა.