საქართველოს ულამაზესი ადგილები, რომლის ნახვა 15-20 ლარად შეგიძლიათ

საქართველოს ულამაზესი ადგილები, რომლის ნახვა 15-20 ლარად შეგიძლიათ

Ambebi.ge დაინტერესდა, თუ რისი ნახვაა შესაძლებელი საქართველოში 15-20 ლარის ფარგლებში. ანუ, იმ ფასში, რასაც დედაქალაქის რომელიმე კვების დაწესებულებაში პირობითად, პიცაში დახარჯავთ... ამ ფასებში არჩევანი საკმაოდ დიდია; დაახლოებით 15-20 ლარში შეგიძლიათ ჩვენი ქვეყნის ბევრი ღირშესანიშნავი ადგილის ნახვა. ფასის გათვალისწინებით დედაქალაქიდან შორს ვერ წახვალთ, თუმცა თბილისის ახლო-მახლო უამრავი დასასვენებელი და დასათვალიერებელი ადგილია.

როგორც Ambebi.ge-სთან საუბარში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, მედეა ჯანიაშვილმა განაცხადა, როგორც უცხოელ ტურისტებს, ისე ადგილობრივ მცხოვრებლებს ქვეყნის ღირშესანიშნავი ადგილების დასათვალიერებლად პირობებს უფრო უადვილებენ და ახალ-ახალ პროექტებს სთავაზობენ.

- ჩვენ უშუალოდ მარშუტების გამყიდველი ორგანიზაცია არ ვართ, მაგრამ ყველანაირ პირობას ვქმნით იმისთვის, რომ ვისაც ქვეყნის დათვალიერება ინდივიდუალურად სურს, ანუ ტურისტულ სააგენტოში ტურს არ გეგმავს, მაქსიმალურად გაუადვილდეს ქვეყნის ღირშესანიშნაობების ნახვა. შესაბამისად, მარშუტის შემუშავებასთან ერთად, ვაკეთებთ მარკირებას. ერთ-ერთი მარკირებული პროექტი გავაკეთეთ დედოფლისწყაროში, ეს იმას ნიშნავს, რომ დგას ნიშნები, რომელიც მიმართულებას გაჩვენებს. ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ ქვეყანაში მარკირების ერთიანი სტანდარტი შევქმნათ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი დონორი და არასამთავრობო ორგანიზაცია ხშირად თვითონ აკეთებს მარკირებას და აბსოლუტურად განსხვავებული ნიშნებია, ამიტომ ჩვენ მათთან ერთად კომისია შევქმენით და ერთიან სტანდარტზე ვიმუშავებთ.

- ქვეყანას შიდატურიზმის კუთხით რა პოტენციალი გააჩნია?

- პოტენციალი ყველა მიმართულებით გვაქვს. მაგალითად, უდიდესი პოტენციალი გვაქვს კულტურული მიმართულებით. საქართველოში 12 ათასზე მეტი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია. გვაქვს სამკურნალო მიმართულების 2 400-ზე მეტი მინერალური წყალი, ქვეყანაში 103 კურორტია. მართალია, აქედან სულ 4 ფუნქციონირებს, თუმცა ეს პოტენციალი უდიდესია. მნიშვნელოვანი პოტენციალი გვაქვს ღვინის ტურიზმის კუთხით. მაგალითად კახეთში, უამრავი საოჯახო მარანი და შატო არსებობს, რომელიც ტურისტს სრულფასოვან შეთავაზებას უკეთებს და ძალიან საინტერესო ტურებიც აქვთ. შეგიძლიათ ღვინის დაგემოვნება, ქვევრში ღვინის დაწურვის პროცესში მონაწილეობის მიღება და ა.შ.

ასევე, ძალიან დიდია სათავგადასავლო ტურისტული პოტენციალი, განსაკუთრებით მთიან რეგიონში. ზაფხულის სეზონზე ძალიან კარგად მუშაობს თუშეთი, ხევსურეთი, სვანეთი.

- რისი ნახვა შეუძლია მსურველს დედაქალაქთან ახლოს, თბილისის შემოგარენში?

- თბილისის შემოგარენში ახლა დავამუშავეთ აგროტურისტული მიმართულებით რამდენიმე მარშუტი, რაც გულისხმობს იმას, რომ მოვახდინეთ აგრო ობიექტების ინვენტარიზაცია. ამ ობიექტებს ჩაუტარდათ ტრენინგები, თუ როგორ შესთავაზონ თავისი პროდუქტი ტურისტებს. ყველაზე მომხიბვლელი ამაში ის არის, რომ ყველა ეს ობიექტი თბილისთან მაქსიმუმ ერთი საათის სავალზეა. ასეთი სულ 70 ობიექტია და თითოეული ობიექტი მსურველს აგროკულტურულ პროდუქტს სთავაზობს. ზოგს ფერმა აქვს, ზოგს ცხენების თავლა. მთავარი მიმზიდველობა ამაში ის არის, რომ ადამიანს შეგიძლია ქალაქგარეთ გახვიდე, სუფთა გარემოში დაისვენო, სუფთა ბიოპროდუქტი მიირთვა. ძალიან ბევრი მარშუტი გვაქვს შემუშავებული სვანეთზე, ახლა ვაკეთებთ მცხეთა-მთიანეთზე, სამცხე-ჯავახეთზე.

- ფასები როგორია? რის ნახვას შევძლებთ თუნდაც 15-20 ლარად?

- ფასის მარეგულირებელი ჩვენ არ ვართ, ეს ბიზნესზეა გათვლილი და ამას კონკურენცია განსაზღვრავს, თუმცა ფასი ყველანაირია. უბრალოდ, ინფორმაციის ნაკლებობა უფრო მეტი პრობლემაა, ვიდრე ფასი, რადგან ნებისმიერ რეგიონში, ფასი დაწყებული 20 ლარიდან, შეიძლება 200 ლარამდეც ავიდეს, ეს მომხმარებლის გადახდის უნარიანობაზეც არის დამოკიდებული და თვითონ ობიექტზეც. თუმცა იმაზეც ვმუშაობთ, რომ ყველა ობიექტი თავისი ფასითაც და მომსახურების ხარისხითაც ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი იყოს.

გვაქვს პორტალი Mygeorgia.ge, სადაც საძიებო სისტემით ტურისტს შეუძლია მოძებნოს კონკრეტულ ადგილას რისი ნახვა სურს და ამ დგილის შემოგარენში რა ღირშესანიშნავი ადგილებია. ამავე საიტზე კერძო სექტორს ფასებიც აქვთ მითითებული. ამას გარდა, ავიღეთ ძირითადი ქალაქები და დაბები, მაგალითად თბილისი, ბორჯომი, მესტია, ყაზბეგი, მცხეთა, ქუთაისი და გავაკეთეთ პატარა ბუკლეტი, რომელშიც აღწერილია ის მთავარი ათი ადგილი, რაც უნდა ნახოს იქ ჩასულმა უცხოელმა ტურისტმა თუ საქართველოს მოქალაქემ.

Ambebi.ge იმ ტურისტული ორგანიზაციებითაც დაინტერესდა, რომლებიც შიდა ტურებს აწყობენ. ზოგიერთი მათგანი სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს ინფორმაციას. ამისათვის უამრავი ჯგუფია შექმნილი, რომლებიც იაფ და სასიამოვნო ტურებს აწყობენ როგორც თბილისთან ახლოს, ისე ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. ერთ-ერთი ასეთი ჯგუფია ისტორიულ-გეოგრაფიული ტურები. ხელმძღვანელს გიორგი მჭედლიშვილს ვესაუბრეთ და ვკითხეთ, თუ რისი ნახვა შეგვიძლია 15-20 ლარად.

გიორგი მჭედლიშვილი: პირადად მე ვაკეთებ ტურებს. თანხაში შედის მხოლოდ მგზავრობა. ორგანიზებასაც ვუწევ და გიდობასაც. 15-20 ლარის ფარგლებში მაქვს ასეთი ტურები:

17-18 ლარი - ქვემო ქართლი:

ცურტავის ციხე, ბოლნისის სიონი, წუღრუღაშენი, დმანისის სიონი.

შიდა ქართლი (კასპის რაიონი) - 20 ლარად შესაძლებელია ქვათახევის, მეტეხის, ერთაწმინდას, ჩაჩუბეთისა და რკონის ნახვა.

18 ლარად ლაშქრობა არის ლომისზე, ანანური, ქვემო ლომისა, ლომისის წმ. გიორგი.

ფშავის ტური 18 ლარი ღირს და შედის წილკანი, ბაზალეთი, ანანური, მაღაროსკარი, ჩარგალი.

კახეთი #1 20 ლარი: უჯარმის ციხე, ძველი და ახალი შუამთა, იყალთო, ალავერდი, გრემი, ნეკრესი (შესაძლოა იყალთოს და ალავერდის გამოკლება ტურისთვის და ილიას ტბისა და გურჯაანის ყოვლადწმინდის ჩამატება).

კახეთი #2 20 ლარი: ნინოწმინდა, ჩაილურის ციხე, ვეჯინი, გურჯაანის ყოვლადწმინდა, კურორტი ახტალა, ზეგაანის ყველაწმინდა (ამ ტურს უცნობ კახეთს ვეძახი, რადგან შედარებით უცნობი ღირშესანიშნაობებია).

გარე კახეთი - ქიზიყი 20 ლარი: დავით გარეჯის ლავრა, უდაბნოს მონასტერი, სიღნაღი, ბოდბე.

მსგავს ტურებს სოციალურ ქსელში აწყობს კიდევ ერთი ჯგუფის "წინაპართა ნაკვალევზე" ავტორი.

"ახლო ტურებს ნაკლებად ვაწყობ. 20 ლარად არის ქვემო ქართლის, კახეთის, შიდა ქართლის ტურები. თანხაში ტრანსპორტირება და გიდის მომსახურება შედის. ქვემო ქართლის ტურში შედის ბოლნისის სიონი, დმანისის სიონი, წუღრუღაშენის ტაძარი, ფიტარეთის მონასტერი. შიდა ქართლში - ძამის ხეობის მონასტრები, ნინოწმინდის მონასტერი, ალავრდი, იყალთო, შუამთა ნეკრესი გრემი.

კახეთის შემთხვევაში ფასი 22 ლარია".

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

საქართველოში კორონავირუსის 754 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

"ეტყობა, რაღაცაზე იჩურჩულეს "მეგობრებმა" - კადიროვი ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე კვლავ ალაპარაკდა - როგორ ეხმიანება საზოგადოება ინიციატივას?

"შვილებივით გაგზარდეთ, მამა-შვილური სიყვარულით..." - რა უპასუხა პატრიარქმა ჭყონდიდის ეპარქიის სამღვდელოებას, რომელმაც ეპარქიაში განვითარებული მოვლენებისთვის შენდობა ითხოვა