"ვის პურსაც ჭამ, იმის სიმღერას უნდა მღეროდე", - ამბობს "ჩემი ცოლის დაქალების" ერთი მეგრელი პერსონაჟი - გრიშა კაკაჩია, რომელიც პოპულარულ სერიალში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. ის მაშინვე მოექცა მაყურებლის ყურადღების ცენტრში. მის ლაპარაკზე ყველას გულწრფელად ეცინება...
კაკაჩია ერთი ჯიუტი, ახირებული და თავისებური იდეების მქონე ადამიანია, რომელსაც უშუალოდ შეხება სერიალის მთავარ პერსონაჟ დათოსთან აქვს. მასთან აქტიური კამათი უწევს, - ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ დათო შუა უღელტეხილზე მანქანიდან გადმოუხტა...
გრიშა კაკაჩიას როლს შესანიშნავად ასრულებს რუსთაველის თეატრის მსახიობი - დავით კვირცხალია:
- სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ რაღაც ახალი პროექტი - "ბაბუა და შვილიშვილი" კეთდებოდა და ჩემს მეგობარს ვთხოვე, გაეგო, იმ კასტინგზე შემეძლო თუ არა მონაწილეობა, რომ ბედი მეცადა, რადგანაც ძალიან მიყვარს ჩემი შვილიშვილი. მაგრამ ასეთი პასუხი მივიღე, რომ ეს პროექტი ჯერჯერობით შორეული პერსპექტივაა... მერე დამიკავშირდნენ და მითხრეს, ეგ კი არა, "ჩემი ცოლის დაქალებში" პატარა სამუშაოა, გრიშა კაკაჩიაა, ასეთი პერსონაჟი და უნდა ითამაშოო. სცენაც გამომიგზავნეს. რომ წავიკითხე, მივხვდი, რომ იქ პატარა იუმორიც იყო საჭირო.
საბოლოოდ ჩვენი თანამშრომლობა შედგა და არ მეგონა, თუ ჩემს ამ სერიალში გამოჩენას ასეთი გამოხმაურება ექნებოდა. თან, მხოლოდ ერთჯერადი ეპიზოდი მეგონა, თუმცა ნამუშევარი რამდენად გამოვიდა, არ ვიცი, ისე, 5-6 სერია კი გადავიღეთ.
- თქვენი პერსონაჟი მაყურებელს კარგად დაამახსოვრდა...
- ეტყობა, ბევრი უყურებს... მინდა, ჩემი დამოკიდებულება იმ პასუხისმგებლობაზე ვთქვა, რაც მსახიობს აკისრია, როდესაც ასეთ სერიალში შედის. სანამ ვითამაშებდი, საერთოდ გაოცებული ვიყავი იმით, რომ ყოველ კვირას თუ როგორ წერდნენ და იგონებდნენ ახალ-ახალ ამბებს და მერე როგორ ნიჭიერად თამაშობდნენ ახალგაზრდები, მაგრამ ერთ რამეს კი ვამჩნევდი: როცა სერიალში შედარებით ასაკოვანი მსახიობი, ან თეატრის დამსახურებული არტისტი შედიოდა, რატომღაც გაუცხოების მომენტი იგრძნობოდა, რაც მსახიობს იქამდე დაჰყვებოდა, სანამ საერთო ქსოვილში შევიდოდა. ახალგაზრდები კი იმ მასალაში უკვე ცურავენ. ჰოდა, მეც ამის შიში მქონდა და მინდოდა, როგორმე სწრაფად მომეხდინა ეს ადაპტაცია, რაკი ვიცოდი, რომ ეპიზოდი იყო.
- მოკლედ, უცებ გაშინაურება გინდოდათ.
- კი, კონტაქტის სწრაფად დამყარება, რომ განყენებული პერსონაჟი არ ვყოფილიყავი...
ადგილზე მისულს, გადასარევი სიტუაცია დამხვდა. ლევან ყოჩიაშვილი არაჩვეულებრივი პიროვნებაა, ახლოს არ ვიცნობდი, ერთად არასდროს გვითამაშია. უნიკალური ბიჭია ასევე ზურა ნიჟარაძე. ესენი სერიალში ჩემი უშუალო პარტნიორები არიან. ჰოდა, მათ ჩემი ვერსია შევთავაზე, რაზეც სიამოვნებით დამთანხმდნენ და ამ ყველაფერმა მგონი, გაამართლა. გიორგი ლიფონავაც ჩემთვის საოცრად მისაღები ადამიანი აღმოჩნდა. მასთანაც არასდროს მქონია საქმიანი ურთიერთობა...
- ახლობლებმა მოგიწონეს სერიალში თამაში?
- ჩემს უბანში, ნათესაობაში ყველამ მომიწონა. მირეკავდნენ და მაქებდნენ (იღიმება)...
- მეგრელებს თუ მოეწონათ?
- მეგრელებმაც დამირეკეს, კაკაჩიებმა მითხრეს, - რას გვერჩით, ბატონო? არ ვართ ცუდი ხალხიო.
ცუდი კაცი რომ მეთამაშა, ეს არც მიფიქრია-მეთქი, ვუთხარი.
ისე, გრიშა კაკაჩიას პროტოტიპად ერთი ახლო ნათესავი მივიჩნიე, რომელიც მეჩვენებდა, რომ ამ როლისთვის მშვენიერი მაგალითი იქნებოდა. კარგი კაცი იყო. ყველას ეგონა, რომ მდიდარი იყო, არადა, არ იყო მდიდარი. ეგონათ, რომ მეცნიერი იყო და არც მეცნიერი ყოფილა, მაგრამ მთელი ცხოვრება თავაწეულმა იცხოვრა. ერთი თვისება კი ჰქონდა, ყველას ჭკუას ასწავლიდა, რასაც ვერ უგებდნენ... მოკლედ, რაკი ჩემი მონაწილეობა რამდენიმე სერიაში გაგრძელდა, ეტყობა, რაღაც მოვძებნეთ... თუმცა ბოლო სერია, რომელშიც გამოვჩნდი, ისე დამთავრდა, რომ არ ვიცი, ჩემს პერსონაჟს რა ბედი ელის, რა გაგრძელებას უპოვნიან ავტორები. მან ლევან ყოჩიაშვილის გმირი მანქანიდან შუა უღელტეხიზე გადმოაგდო...
- მეგრული ინტონაცია, რაც გრიშა კაკაჩიას აქვს, მაყურებელში დადებით ემოციას იწვევს. წესით, არ უნდა გაგჭირვებოდათ მეგრული აქცენტი, რადგანაც თავადაც მეგრელი ხართ...
- ძალიან არ "ვახვევ", რადგანაც გრიშა ქალაქელი მეგრელი მინდოდა რომ ყოფილიყო და ამიტომ მას ეს ყველაფერი მელოდიურად დაჰყვება...
მიხარია, რომ მსახიობები, რომლებიც სერიალში ერთად ვმუშაობთ, დავმეგობრდით კიდეც. ყოველი სცენის წინ ადრე ვიკრიბებით და რა სურვილებიც გვაქვს, ერთმანეთს ვუზიარებთ. ერთმანეთს კარგად ვუგებთ. დაგვემატა გადასარევი მსახიობი - ლაურა რეხვიაშვილი და ასეთივე ნატა ბერეჟიანი. ვგიჟდები მასზე, ისეთი ნიჭიერი და მეტყველი გამოხედვა აქვს.
- ისე, თქვენი პერსონაჟი ერთი ჯიუტი, ახირებული კაცი კია, რომელიც დათმობაზე არ მიდის და თავისი სიტყვა გააქვს...
- არა, ასეც არ არის. მას რაღაც კარგის გაკეთება უნდა, მაგრამ რაღაცები არ აქვს გაცნობიერებული. მისთვის ეს ფასეულობები არ არის დალაგებული. რას ჩაეჭიდოს, არ იცის, რა უფრო მოუხდება დღევანდელ ყოფას, სანათესაოს, სამეზობლოს. მაგრამ გრიშას გარშემო რაც ხდება, ბევრი რამ სცენარისტების დამსახურებაა. მოკლედ, როგორ და საერთოდ გაგრძელდება თუ არა ამ პერსონაჟის ამბავი, ამას ვნახავთ...
- ბატონო დათო, რუსთაველის თეატრის მსახიობი ბრძანდებით. დაკავებული ხართ სპექტაკლებში... მოდი, თქვენს საქმიანობაზე ვისაუბროთ...
- რუსთაველის თეატრში 1970 წლიდან ვარ, რაც თეატრალური ინსტიტუტი დავამთავრე. მე იქ ბატონმა მიშამ (თუმანიშვილი) მეორე კურსიდან წამიყვანა, მისი სტუდენტი ვიყავი, მისი სახელოსნო დავამთავრე. მაშინ თეატრიდან გოგი ქავთარაძე წავიდა, რომელიც სტურუას სპექტაკლში - "ვახშმობის წინ" თამაშობდა. სპექტაკლი რომ გადაერჩინათ, მე და ნანი ჩიქვინიძე ინსტიტუტიდან წაგვიყვანეს. სხვათა შორის, ინსტიტუტშიც ვთამაშობდით ნაწყვეტს ამ წარმოდგენიდან. მოკლედ, მე და ნანიმ გოგი ქავთარაძემ და ბელა მირიანაშვილი ჩავანაცვლეთ. ეს ყველაფერი კი ჩემს სასიკეთოდ მოეწყო... იმის მერე თეატრში დავრჩი. მერე წავიდა და წავიდა სპექტაკლები. ბევრი როლი მაქვს ნათამაშევი და ჩემდა საამაყოდ, არც ერთში მაყურებლის რისხვა არ დამიმსახურებია, არც კრიტიკოსებისგან, რაღაც ყველგან ვართმევდი თავს...
ასევე ბევრი მაქვს ნათამაშევი ბატონ გოგი გეგეჭკორთან ერთად. ბოლოს, თვითონ მოიტანა ნოდარ წულეისკირის პიესა "დავით აღმაშენებლის ქვა ძველი სამრეკოდან" დასადგმელად. მამა-შვილი ვიყავით... რეზო ჩხაიძის პიესებშიც ხშირად ვიყავი ხოლმე. 10 წელი ვთამაშობდით "თავისუფალ თემას". სკოლის მოსწავლის როლი მქონდა. საოცარი პარტნიორები მყავდა: ზეინაბ ბოცვაძე, ზაირა ლებანიძე, ლია გუდაძე...
- ცნობილია, რომ დღესდღეობით სტურუას სპექტაკლში - "12 განრისხებული მამაკაცი" მონაწილეობთ...
- ამჟამად ორ წარმატებულ სპექტაკლში ვარ დაკავებული. ერთი მცირე სცენაზე - ლაშა ბუღაძის პიესა - "სულიერი არსებები" და "12 განრისხებული მამაკაცი," რომელიც დიდ სცენაზე 8 წელიწადია, რეპერტუარშია და დიდი წარმატებით მიდის. უცნაური სპექტაკლია, პირველივე წუთიდან სცენაზე 12 მამაკაცი ჩნდება. არ არის ადვილი 2 საათ-ნახევარი სცენაზე იდგე, მიუხედავად იმისა, რა დატვირთვა გაქვს. თუ შეკრული ანსამბლი არ არის და სცენაზე საინტერესო არაფერი ხდება, სადაც ყველა არ არის ჩართული, მაყურებელს ვერ დაიჭერ.
- ცხადია, გუნდი რაც უფრო შეკრულია, შდეგიც მით უფრო კარგია...
- ეს სპექტაკლი გვაოცებს... გაცილებით წარმატებული ნამუშევრები ყოფილა, მაგრამ ასეთი სიცოცხლისუნარიანი, იშვიათად. თუმცა "საბრალდებო დასკვნაში" 30 წელი ვთამაშობდი და "კავკასიური ცარცის წრემ" 600-ს გადააჭარბა, მართალია, "კვკასიურში" მე არ ვიყავი დაკავებული, მაგრამ ყოფილა, რომ საზღვარგარეთ გასტროლებისას სპექტაკლში შევსულვარ, თუკი ამის საჭიროება ყოფილა...
- მოკლედ, ამ თეატრში გატარებული წლები თქვენთვის ძალიან ძვირფასია.
- წლებიც და თავად თეატრიც. ეს არის ყველაფერი, რაც გამაჩნია და რასაც ცხოვრებაში მივაღწიე. რუსთაველის თეატრმა ყველაფერი მომცა. სხვაგან წასვლა არც მიფიქრია. ერთადერთი, კინომსახიობთა თეატრში, ბატონი მიშა თუმანიშვილის დადგმულ "ჩვენ პატარა ქალაქში" მთხოვეს და ვითამაშე. თეატრი ამ სპექტაკლს როგორც სამუზეუმოს, ისე ინახავს. პატივისცემას გამოხატავენ მასწავლებლის მიმართ, მეც ვალდებულად მივიჩნევ თავს, ამ წარმოდგენაში ვითამაშო.
რას შეეხება რუსთაველის თეატრს, ის ნომერ პირველი თეატრია, რობერტ სტურუა კი განსხვავებული რეჟისორი. დღემდე თუ თეატრი იმ მოწინავე პოზიციას ინარჩუნებს, ეს იქ მომუშავე ადამიანების დამსახურებაა. არადა, წლების განმავლობაში თეატრს რა არ გადაუტანია, რა პრობლემა არ შეეხო მას მთელი ისტორიის მანძილზე, მაგრამ ის მაინც პირველია.
ლალი ფაცია
AMBEBI.GE