აშშ-ის ქალაქ დალასში წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების თაობაზე კონფერენციის მსვლელობისას შენობის გარეთ ორმა უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. "ბიბისის" ცნობით, ორივე მათგანი მოგვიანებით მოკლეს.
მომხდარის დროს დაშავდა დაცვის ერთი თანამშრომელიც. თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ შენობაში მყოფი ადამიანების ევაკუაცია განახორციელა. ასევე განხორციელდა ახლოსმდებარე საოფისე შენობების ევაკუაციაც.
პოლიციამ უსაფრთხოების მიზნით, თავდამსხმელთა ავტომობილი შეამოწმა. თვითმხილველთა ცნობით, მათ დაახლოებით 20-ჯერ გაიგონეს გასროლის ხმა. კონფერენცია ისლამის კრიტიკოსების მიერ იყო ორგანიზებული, რომლის ფარგლებშიც გაიმართა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების კონკურსიც.
დამსწრეებს შორის იყო ცნობილი ჰოლანდიელი ანტიისლამისტი, გეერტ უილდერსიც, რომელიც ისლამისტების თავდასხმის ობიექტთა სიაშია. თუმცა, თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.