ვასილ ჩხაიძის კინოდებიუტი 1968 წელს შედგა ფილმში ''არაჩვეულებრივი გამოფენა''. ელდარ შენგელაია რომ არა, ალბათ, ეს მსახიობი პროვინციაში ჩარჩებოდა და არ დაიბადებოდა ქართული ფილმის ისეთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი პერსონაჟები, როგორიცაა პიპინია ერისთავი და ქრისტეფორე მგალობლიშვილი...
ვინ იცის, თითოეულ ჩვენგანს რამდენჯერ უნახავს პროვინციელი მოქანდაკე აგულისა და მისი ოჯახის ამბავი. ნიჭიერი ხელოვანი აგული მასწავლებლის ნაჩუქარი მარმარილოს ქვისგან არაჩვეულებრივი მონუმენტის შექმნაზე ოცნებობს, მაგრამ ფრონტიდან დაბრუნებული მხოლოდ დაკვეთებზე მუშაობს. დაოჯახების შემდეგ ცოლ-შვილის რჩენა უწევს და იძულებულია, ძირითადად, მიცვალებულთა ბიუსტებზე იმუშაოს. ერთ დღესაც კლასის შეკრებიდან მეუღლესთან ერთად შინ მიმავალი აგული სასაფლაოზე აღმოჩნდება, სადაც საფლავების დიდი ნაწილი მისი ''გაფორმებულია''. ''პერსონალური გამოფენა'' სევდას მოჰგვრის და გული სწყდება, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო ნიჭი ფუჭად გაფლანგა...
ფილმში ცოლ-ქმრის პერსონაჟებს მსახიობები გურამ ლორთქიფანიძე და ვალენტინა ტელეჩკინა განასახიერებენ. მათი ოჯახის თავი კი მაღალი ჭაღარა, ულვაშიანი კაცია - პიპინია ერისთავი, იგივე ვასილ ჩხაიძე, რომელიც ფილმის გადაღებისას უკვე სამოც წელს იყო გადაცილებული.
ის გურიის სოფელ აცანაში დაიბადა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი გერმანული ენის განხრით დაამთავრა. 1927-34 წლებში ბათუმის თეატრის მსახიობი იყო, ერთხანს კი სკოლაშიც მუშაობდა რუსულისა და გერმანულის მასწავლებლად. 1956-62 წლებში ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრის მსახიობი 1967 წლიდან კინოსტუდია ''ქართულ ფილმში'' მოხვდა. მას შემდეგ სხვა რეჟისორებთანაც მუშაობდა და 30-მდე ფილმში მიიღო მონაწილეობა. ''ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი'' მისი ბოლო ფილმია, რომელს გადაღების დროსაც, ის კვლავ ელდარ შენგელაიასთან მუშაობდა, ვისი მეშვეობითაც პირველად გამოჩნდა ეკრანზე.
''არაჩვეულებრივი გამოფენისთვის'' პიპინიას როლზე თბილისში ვერავინ ვიპოვე, - იხსენებდა მოგვიანებით ელდარ შენგელაია, - ჩვენი გადამღები ჯგუფი ფოთში იყო. იქ მსახიობ აკაკი დობორჯგინიძეს წავაკითხე სცენარი და ვკითხე, ვინმეს ხომ არ იცნობდა, ვინც პიპინიას როლს შეასრულებდა. აკაკი დობორჯგინიძე ის კაცია, რომელსაც ''არაჩვეულებრივ გამოფენაში'''ძაღლი მოჰყავს. მან მითხრა, რომ გურიაში, სოფელ აცანაში იყო ადამიანი, რომელიც შეიძლებოდა გამოგვდგომოდა - ვასილ ჩხაიძე, ის ფოთის თეატრში მუშაობდა, იქიდან უნიჭობის გამო გარიცხეს და მას შემდეგ სოფელში გერმანულისა და რუსულის მასწავლებლად მუშაობდა.
გურამ ლორთქიფანიძე ჩემი ასისტენტი იყო და არ ვფიქრობდი, აგულის როლზე ამეყვანა. გურიაში ჩასულებს საოცარი სახლი დაგვხვდა, ზღაპრებში რომაა, ისეთი. გამოვიდა კაცი, რომელიც ისეთივე ჩაცმული იყო, როგორიც შემდეგ ფილმშია. ფაქტობრივად, მის ჩაცმულობაში ბევრი არაფერი შეგვიცვლია. გურამი და ვასილ ჩხაიძე ერთად რომ დავინახე, მივხვდი, რომ ესენი აგული და მამამისი პიპინია იყვნენ. ვასილ ჩხაიძემ მთავარ როლზე უარი მითხრა, ეპიზოდში ვითამაშებო. შევეცადე გადამერწმუნებინა და თბილისში დავიბარე. როცა ჩამოვიდა, რკინიგზის სადგურში გურამი დახვდა და პირდაპირ კინოსტუდიაში მოიყვანა.
განაგრძეთ კითხვა