თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციის" ეთერში პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება შეფასა და აღნიშნა, რომ ამას არ ელოდა.
ხიდაშელის განმარტებით, მისთვის პრეზიდენტის პოზიცია მოულოდნელი იყო. "პრეზიდენტს წარდგენაზე უარი არ უთქვამს. მას უარის თქმის შესაძლებლობაც კი არ აქვს. მან გადადო პროცესი, გამოიყენა კონსტიტუციით მიცემული ვადები, რაც მისი აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლებაა. მან ჩათვალა, რომ საჭიროა მეტი კონსულტაცია. მთავრობაში ამას ასე არავინ არ ვთვლით. არ თვლის არც უმრავლესობა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ – ეს არის პრეზიდენტის ლეგიტიმური უფლება. მე ასეთ გადაწყვეტილებას არ ველოდებოდი, რადგან ვიცოდი იმ კომუნიკაციის შესახებ, რომელიც პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის იყო და მას არ უთქვამს პრემიერისთვის, რომ რაიმე კითხვები ჰქონდა. ამიტომ, ეს მოულოდნელი იყო - რომ გითხრათ არ იყო მოულოდნელი-თქო, სასაცილო ტყუილი გამომივა, რადგან ნახევარი მთავრობა ქუთაისის გზაზე იდგა", - აღნიშნა ხიდაშელმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენა ერთი კვირით გადადო. როგორც მარგველაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობს.
"ვიყენებ კონსტიტუციით მონიჭებულ ერთადერთ შესაძლებლობას და ერთი კვირის ვადით გადავდებ იმ ხელმოწერას, რომელიც უნდა დამესვა მთავრობის სიაზე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
დაგაინტერესებთ: თინა ხიდაშელი ე.წ კაბელების საქმის გაცნობას არ აპირებს