პოლიტოლოგი გია ნოდია, ფეისბუქის გვერდზე ხელისუფლებაში მიმდინარე ცვლილებებს ეხმსურება და პრემიერ-მინისტრის ფუნქციებზე წერს:
"რა გავიგეთ (თუ რამე გავიგეთ) ბოლო სამთავრობო მანიპულაციებით:
1. პრემიერის ვინაობა კიდევ უფრო ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე გვეგონა. სრული პირადი ერთგულების გარდა მას სხვა არაფერი მოეთხოვება: ასე თუ ისე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მაინც ის მიიღებს, ვინც საჭიროა. ოღონდ, შესაძლოა, "ვინც საჭიროას" უფრო ხშირად მოუწევს ჩარევა, ვიდრე თვითონ ჰქონდა ჩაფიქრებული (ბოდიში, ზებრა, თუ ყურადღება მოგაკლდა).
2. ღარიბაშვილის პირადი კლიენტელის მოშორებით ასე თუ ისე სერიოზული თანამდებობებიდან ბიძინამ გასაგებად უთხრა: "შენ შენი თავი მართლა პრემიერ-მინისტრი ხომ არ გგონია?" ღარიბაშვილმა გაიგო და შეეგუა. თუ ასეა, რა პრობლემაა? დარჩეს, სადაც არის.
3. პრემიერის შეცვლა-არშეცვლის გადაწყვეტილება მხოლოდ პიარის მოსაზრებებს ეყრდნობა. ახალ პრემიერს ამ მომენტში ახალი იმედების გაჩენა შეიძლებოდა მოეტანა. სამაგიეროდ, დაიმსხვრეოდა ოცნების მითის ღერძი: "ყველაფერი კარგადაა" და "ბიძინას საკადრო პოლიტიკა არსებითად არ ეშლება" (ერთი მარგველაშვილი ვაპატიოთ). ბიძინამ ჩათვალა, რომ ამ მითის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია: წარუმატებლობის აღიარებას ყველაფერი ჯობს. შეიძლება, მისი პოზიციიდან ეს მოსაზრება სწორი იყოს.
4. რაც დრო გავა, პრემიერის შეცვლით რეიტინგის ხელახლა გამოცოცხლების მცდელობა სულ უფრო ნაკლებ ეფექტური იქნება. ამ მიზნით პრემიერს მხოლოდ ერთი სვლა ექნება დარჩნილი - თვითონ ოფიციალურად დაუბრუნდეს საჭეს. აი, ეს რამდენად ეფექტური აღმოჩნდება, არ ვიცი: მე მგონი ამაზე გადაჭარბებული მოლოდინები აქვთ მისიანებსაც და ოპონენტებსაც, თუმცა, შეიძლება ვცდები. რას გაუგებ დემოსს" - წერს ნოდია.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა, თუმცა, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში მთავრობის წარდგენა ერთი კვირით გადადო. მიუხედავად ამისა, პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის, გარემოს დაცვისა და სპორტის მინისტრების დანიშვნის შესახებ ბრძანება გამოსცა.
ბრძანებაში პრემიერი განმარტავს, რომ თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად, გიგლა აგულაშვილის – გარემოს დაცვის მინისტრად და ტარიელ ხეჩიკაშვილის სპორტის მინისტრად დანიშვნა საქართველოს კონსტიტუციის 79-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე განახორციელა.