ევროპის საკმაოდ ბევრ ქვეყანაში პროსტიტუცია ლეგალიზებულია და ქვეყნის ეკონომიკაში საკუთარი წვლილი შეაქვს. უხსოვარი დროიდან კომერციული სექსი საკმაოდ შემოსავლიანი საქმე იყო, თუმცა მაშინაც და ახლაც ამ უძველესი პროფესიის მიმართ მსოფლიო სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვა დამოკიდებულება იყო და ამ საქმიანობას მომხრე-მოწინააღმდეგები არ ელეოდა. ბოლო პერიოდში ამ არცთუ პრესტიჟული ბიზნესის მიმართ ქვეყნების დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა. დღესდღეობით ევროპის საკმაოდ ბევრ ქვეყანაში პროსტიტუცია ლეგალიზებულია და ფინანსური თვალსაზრისითაც ქვეყნის ეკონომიკაში საკუთარი წვლილი შეაქვს.
ცხადია, ამას ჩვენს ქვეყანაზე ვერ ვიტყვით, სადაც პროსტიტუცია კანონით აკრძალულია, მაგრამ მარტივად რომ ვთქვათ, ეს ბიზნესი მაინც ყვავის. დედაქალაქსა თუ სხვა ქალაქებში საროსკიპოები საგრძნობლად მომრავლებულ ჩინურ-ტაილანდური მასაჟების სალონებს, სასტუმროებსა და ზოგიერთ ბარ-რესტორნებს ამოფარებული მუშაობენ. იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ ცირკის ტერიტორია კარგა ხანია, რაც ბავშვებისთვის გასართობი ადგილის ნაცვლად, სექს-მუშკების "სამსახურთან" ასოცირდება.
რა სიტუაციაა ამ მხრივ ევროპაში? საერთო სურათი ასეთია: ქვეყნების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ ებრძვის პროსტიტუციას, სხვები კი მის ლეგალიზებას ამჯობინებენ, რასაც ქვეყნის ბიუჯეტისთვის დამატებითი სახსრების მოზიდვით ხსნიან. ძირითადი ქვეყნები, სადაც პროსტიტუცია ლეგალიზებულია, ახალი ზელანდია, ნიდერლანდები, ავსტრალია, გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, საბერძნეთი, უნგრეთი, ლატვია და იტალიაა. ერთი სიტყვით, პროსტიტუცია ნელ-ნელა ჩრდილიდან გამოდის. მეტიც, ცდილობს კონკურენცია გაუწიოს ტრადიციული ბიზნესის სფეროებსაც. მსოფლიოში კარგად ცნობილი ბორდელის Daily Planet-ის მფლობელებმა, რომელიც მელბურნში მდებარეობს, ბორდელების აქციებით ვაჭრობა დაიწყეს. საერთო ჯამში, მათი ფასიანი ქაღალდების ფასი არცთუ მაღალია - 2, 4 მილიონი დოლარი. თუმცა, გაჩერებას არ აპირებენ.