დაახლოებით ერთი თვეა, სოციალური ქსელის საშუალებით სისტემატურად ვრცელდება სირიაში გარდაცვლილი და დასახიჩრებული ბავშვების ფოტოები. იმან, რომ სირიაში ასურელ ქრისტიანებს კლავენ და ბავშვებს თავებს აჭრიან, საზოგადოება შოკში ჩააგდო და აქციაზეც კი გამოიყვანა.
უამრავმა ადამიანმა გამოთქვა ასურელი ბავშვების შვილად აყვანის სურვილი, თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, მედიაში ბევრი უზუსტობა გაიპარა. ამას გადაცემა ''2030''ის ჟურნალისტი რამილია ალიევაც ამბობს. მისი თქმით, კონფლიქტი ახალი არ არის და უკვე წლებია მიმდინარეობს, ბავშვების ფოტოებიც ძველია და თან რთულია, იქ პატარა ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებით გამოარჩიო. რამილია მიესალმება საზოგადოების გამოფხიზლებას სირიის კონფლიქტზე, თუმცა ამბობს, რომ ამან საქართველოში, სადაც სხვადასხვა ერი ცხოვრობს, გაუგებრობა და შუღლი არ უნდა გამოიწვიოს.
- საზოგადოებრივი აქტიურობა ძალიან კარგია, მაგრამ რაც შეეხება ასურელების თემას, პირველი საპროტესტო აქცია ამ თემაზე 8 მარტს ჩატარდა, საქართველოში მცხოვრები ასურელების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით. აქციის ძირითადი მოთხოვნა იყო, სირიაში დამთავრდეს ბავშვების მკვლელობები. აქციაზე აღნიშნავდნენ, რომ იქ კვდებიან არა მხოლოდ ასურელი, არამედ ერაყელი, ქურთი ბავშვები. ჩემი პირადი აზრია, რომ ბავშვს რელიგია არ გააჩნია, მისი მკვლელობის მშვიდად მიღება არ შეიძლება და ამ მოვლენებზე მთელმა მსოფლიომ უნდა ამოიღოს ხმა, მაგრამ როდესაც მსგავს თემებს ვაშუქებთ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ეს აქცია მედიასივრცეში ძალიან ზერელედ გაშუქდა. აქამდე მსგავს თემებს საინფორმაციოები მხოლოდ უცხოურ ბლოკში აშუქებდნენ და ცოტა უცნაურია, ახლა რატომ დაიწყო ეს კამპანია. ერთერთ კვირას ''რუსთავი 2''-ზე გავიდა სიუჟეტი სირიაში მომხდარი ამბების შესახებ, რასაც პანკისიდან ახალგაზრდების წასვლა მიაბეს. ამის შემდეგ სოციალურ ქსელში აგორდა კამპანია და ყველამ დაიწყო ამ თემაზე წერა.
- რასაც თან სდევდა დახოცილი ბავშვების ფოტოების გაზიარება.
- თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომ ამ ფოტოების დიდი ნაწილი 2013 ან 2014 წელსაა გადაღებული. მათზე დაწერილი კომენტარები საინფორმაციო სააგენტოების და ზოგიერთი ტელევიზიის მხრიდან ქსენოფობიურია, რომ სირიაში კლავენ ქრისტიან ბავშვებს. როგორ ახდენდნენ ამ ბავშვების რელიგიური წარმომავლობის იდენტიფიცირებას? მაგალითად, ერთ-ერთ ფოტოზე გარდაცვლილი ბავშვები თეთრ ზეწარში არიან გახვეული, რაც მუსლიმანური ტრადიციის ნაწილია. ყველას უნდა, მისი სტატია ბევრმა წაიკითხოს და ამიტომ გვაქვს სათაურები, რომ სირიაში მუსლიმები ქრისტიან ბავშვებს კლავენ, მაგრამ ზაფხულში ტყეში შეიძლება ანთებული სიგარეტის გადაგდება? – ეს ხომ ხანძარს გამოიწვევს. დღეს გავიგეთ, რომ პანკისიდან ახალგაზრდები საბრძოლველად მიდიან სირიაში. ჩემი ვარაუდით, ამ თემის ახლა აგორება ვიღაცებს აწყობთ. მრავალეთნიკურ ქვეყნებში შუღლის გაღვივება ვიღაცისთვის ყოველთვის ხელსაყრელია. გაიხსენეთ ცოტა ხნის წინ ღორის თავის მიჭედების ინციდენტი. მთავარია, ჟურნალისტები არ გახდნენ ამ აგორებული კამპანიის ნაწილი.