საქართველოს შეიარაღებული ძალების 24 წლიანი ქრონიკა: ომები, 16 მინისტრი და 4 უმაღლესი მთავარსარდალი

საქართველოს შეიარაღებული ძალების 24 წლიანი ქრონიკა: ომები, 16 მინისტრი და 4 უმაღლესი მთავარსარდალი

დღეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 24 წელი შეუსრულდა. რა გამოწვევები იყო, როცა შეიარაღებული ძალები იქმნებოდა და რა კვალი დატოვეს თავდაცვის მინისტრებმა, - ამ საკითხებზე კომენტარი სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის "არსენალის" მთავარ რედაქტორს, ირაკლი ალადაშვილს ვთხოვეთ:

- საქართველოს შეიარაღებული ძალები ოფიციალურად 1991 წლის 30 აპრილს ჩამოყალიბდა. მოგეხსენებათ, ამავე წელს ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება მოხდა და შეიარაღებულმა ძალებმა ფაქტობრივად 1992 წლიდან დაიწყო ჩამოყალიბება. ჩამოყალიბების პროცესი ფაქტობრივად, ომებში მიმდინარეობდა. მე მქონდა ბედნიერება 1992 წლიდან, როგორც ოფიცერს, 10 წლის განმავლობაში მემსახურა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში. ეს წლები იყო ყველაზე რთული პერიოდი საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის, რადგან ჩამოყალიბება მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებების დროს და რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან რთული პროცესი.

ომის შემდგომ პერიოდში უმთავრესი გამოწვევა იყო, რომ შეიარაღებული ძალები ყაზარმაში შესულიყვნენ და დამყარებულიყო დისციპლინა, რაც იმ პერიოდში თითქმის არ იყო (სხვათა შორის, რომ ვაკვირდები, თითქმის იგივე პროცესები მიმდინარეობს უკრაინაში), რადგან ბრძოლაში ძირითადად მიდიოდნენ მოხალისეები, რომელთაც გული ერჩოდათ, მაგრამ არ ჰქონდათ სამხედრო საქმის არავითარი გამოცდილება და შესაბამისად, არ ჰქონდათ სამხედრო დისციპლინა. ამავე დროს იყვნენ ოფიცრები, რომელთაც ჰქონდათ გამოცდილება, მაგრამ არ ჰქონდათ ბრძოლის სურვილი.

- რა შეიცვალა შეიარაღებულ ძალებში ომის შემდეგ?

- ომის შემდეგ, 1993 წლიდან, შეიცვალა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა, მაგრამ ძირითადი ყურადღება მაინც ჯარის ყაზარმაში შეყვანაზე და წვერის გაპარსვაზე იყო მიმართული. შემდგომში, უკვე 1994-95 წლებში, როდესაც მინისტრი იყო ვარდიკო ნადიბაიძე, მაშინ კურსი რუსეთისკენ იყო მიმართული, თუმცა ეს არ ეხებოდა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს, იგივე შეიძლება ითქვას სხვა ძალოვან უწყებებზეც.

1998 წელს მინისტრი ხდება დავით თევზაძე, რომელმაც მკვეთრად პრო-დასავლური კურსი აირჩია. სწორედ ამ დროს დაიწყო ჩვენი სამხედროების გაგზავნა საზღვარგარეთ სხვადასხვა სასწავლებლებში. ამ პერიოდში დასავლეთთან ინტეგრაცია დაჩქარებით დაიწყო, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროს გამოიკვეთა სამწუხარო ტენდენცია (რომელიც შემდგომშიც შენარჩუნდა) - უპირატესობა ენიჭებოდა იმ ხალხს, ვინც კარგად ფლობდა ინგლისურ ენას. შედარებით ნაკლები ყურადღება ეთმობოდა საქმის ცოდნას და უფრო მეტი ყურადღება გადატანილი იყო ინგლისურ ენაზე. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ამის გამო ბევრი საჭირო კადრი დაკარგა ქართულმა არმიამ. ამ დროს თავდაცვის სამინისტროს ჰქონდა ძალიან მწირი დაფინანსება, დაახლოებით 60 მილიონი ლარი, რომელიც სეკვესტრის შედეგად კიდევ უფრო მცირდებოდა. შესაბამისად, ძალიან ცუდი იყო კვება და ჩაცმა, რაც ბუნებრივია, გავლენას ახდენდა შეიარაღებული ძალების განვითარებაზე.

2003 წლიდან, როცა ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა, საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ერთ წელიწადში 4 მინისტრი შეიცვალა. 2004 წლის დასაწყისში ჯერ იყო დავით თევზაძე, შემდეგ გელა ბეჟუაშვილი, რომელიც გიორგი ბარამიძემ შეცვალა და შემდეგ მინისტრი გახდა ირაკლი ოქრუაშვილი.

2004 წლიდან მკვეთრად მოიმატა სამინისტროს დაფინანსებამ, მოგვარდა ჩაცმა-დახურვის და კვების პრობლემები, მოხდა აღჭურვილობის შეძენა, მაგრამ ამ ყველაფრის პარალელურად ხდებოდა სამხედრო მოსამსახურეების უფლებების დარღვევაც.

2004 წლიდანვე დაიწყეს ოფიცრების ჯარიდან გაყრა, რის აფიშირებაც არ ხდებოდა. საბრძოლო მოქმედება გამოვლილი ბევრი ოფიცერი გაუშვეს მხოლოდ იმიტომ, რომ არ იჩენდნენ ლოიალურ დამოკიდებულებას ახალი ხელისუფლების მიმართ. სხვათა შორის, ოქრუაშვილის დროს ღიად გამოჩნდა უმაღლესი მთავარსარდლის - პრეზიდენტ სააკაშვილისა და თავდაცვის მინისტრის შეუთანხმებლობა გარკვეულ საკითხებზე. მაგ: ოქრუაშვილი ამბობდა, რომ ახალ წელს შევხდებით ცხინვალში და შემდეგ ამ განცხადებაზე ახსნა-განმარტება უწევდა სააკაშვილს. საბოლოოდ, ეს უთანხმოება დასრულდა იმ მოვლენებით, რომელიც ყველასთვის ცნობილია. ამის მერე უკვე პრეზიდენტისადმი ლოიალურად განწყობილი მინისტრები ინიშნებოდნენ. დღევანდელი თავდაცვის მინისტრი მეთექვსმეტე მინისტრია. ბევრი წერს, რომ მინდია ჯანელიძე რიგით მეთხუთმეტე მინისტრია, მაგრამ ეს არასწორია, რადგან ედურად შევარდნაძე ხელისუფლების უმაღლესი პირის ფუნქციასთან ერთად თავდაცვის მინისტრობასაც ითავსებდა.

- შეიარაღებული ძალებისთვის შედარებით უკეთესი პერიოდი 24 წლის მანძილზე რომელი იყო?

- თუ დაფინანსების კუთხით შევხედავთ, მაშინ 2007-2008 წელი, როდესაც თავდაცვის ბიუჯეტი 1.5 მილიარდი ლარი გახდა. ეს იყო ოფიციალურად, თუმცა დამატებით შესაძლოა, კიდევ ყოფილიყო გარკვეული თანხები. ამ ბიუჯეტით მოხდა რაღაცების შეძენა და გარკვეული რეფორმებიც განხორციელდა, მაგრამ მე ვფიქრობ, მაინც არ მოხდა ამ თანხის ეფექტურად დახარჯვა. ეს ჩემი აზრია, თუმცა ეს გამოძიებითაც უნდა დადასტურდეს...

2008 წელს, როდესაც რუსებმა ნაალაფარი წაიღეს, მოხდა იარაღის ჩამოწერა, იმ იარაღის, რომელიც შესაძლოა, საერთოდ არ იყო შეძენელი. ამ აზრის გამოთქმის საშუალებას მაძლევს ის ფაქტი, რომ ამ ომის დროს გვქონდა საშუალება გამოგვეტანა იარაღი (გორიდან, სენაკიდან), მაგრამ რატომღაც ეს არ მოხდა. არის ეჭვი, თუმცა ამას დამტკიცება უნდა, რომ გარკვეული მაღალჩინოსნები დაინტერესებული იყვნენ რუსებს წაეღოთ რაღაც, რომ მერე ამის ჩამოწერა მომხდარიყო.

- დღევანდელ მდგომარეობას როგორ შეაფასებდით?

- დღეს დაფინანსება არის ცოტა - 640 მილიონი ლარი, და ამ დაფინანსების 70% კვებაზე, ჩაცმაზე და სოციალური პირობების უზრუნველყოფაზე იხარჯება და უფრო ნაკლები ყურადღება ეთმობა საბრძოლო მომზადებას, მით უფრო ტექნიკის განახლებას ან ახლის შეძენას. თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობები საკმაოდ მაღალია. გათვალისწინეულია მათი მკურნალობა, დაზღვევა. ღმერთმა დაიფაროს ყველა, მაგრამ თუ სამხედრო დაიღუპა, მათ ოჯახებს 100 000 ლარი ეძლევათ სახელმწიფოსგან. გაზრდილია დახმარებები ომის ვეტერანებზე. ასე რომ, ამ მხრივ პლიუსი ნამდვილად არის, მაგრამ შეიარაღებული ძალების მთავარი ამოცანაა ემზადოს იმისთვის, რომ მოიგერიოს სავარაუდო მოწინააღმდეგის შემოტევა, რაც დღეს იმ რეალობიდან გამომდინარე, რაშიც ვართ, ძალიან რთული იქნება.

ასევე იხილეთ| საქართველოს თავდაცვის მინისტრების ყველაზე დიდი მიღწევები და შეცდომები

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

საქართველომ კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით ჩინეთს გადაასწრო - როგორია კორონავირუსის ბოლოდროინდელი სტატისტიკა გლობალური მასშტაბით

თავბრუსხვევა – მიზეზების დადგენა და მკურნალობა თოდუას კლინიკის სტანდარტებით

საქართველოში კორონავირუსის 3443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია გადანაწილება რეგიონების მიხედვით