ქართველი ექსპერტების უმეტესობა დღეს აქტიურად საუბრობს, რომ პოლიტიკური ისლამის გაძლიერება აშკარაა და მისგან წამოსული საფრთხეები უკვე გლობალურ ხასიათს ატარებს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ახლო აღმოსავლეთის შემდეგ ხალიფატის სამიზნე კავკასიის რეგიონი გახდება და სხვა ქვეყნებთან ერთად, ისლამური ექსტრემიზმი საქართველოსაც დაემუქრება. რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეთ პოლიტიკურ ისლამისტებს საქართველოს მიმართ, როგორ შეიძლება მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილება და რა ხდება სინამდვილეში პანკისის ხეობაში - ამ საკითხებზე ექსკლუზიურ ინტერვიუში კავკასიელ ხალხთა ინტეგრაციის ფონდის პრეზიდენტი, იჩქერიის პირველი პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის დისშვილი უმარ იდიგოვი საუბრობს.
- ბატონო უმარ, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ისლამური ხალიფატი დღეს თუ ხვალ საქართველომდე მოვა. თქვენი აზრით, ემუქრება ქვეყანას პოლიტიკური ისლამი? როგორ უნდა აიცილოს თავიდან ეს საფრთხე სახელმწიფომ?
- ეჭვი არ მეპარება, რომ ხალიფატი შემოვა საქართველოში. სამწუხაროდ, ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით აქტიურობდეს. ძალზე სუსტია და დასახვეწი ჩვენი სპეცსამსახურები და შსს. რადიკალი ისლამისტები ყველაფერს შთანთქავენ, გაანადგურებენ და დიდ პრობლემებს შეუქმნიან საქართველოს. ხელისუფლებამ უნდა იბრძოლოს, რომ ეს არ დაუშვას. ამის გაკეთება ადვილია - შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა გააკონტროლონ საზღვრები და არ დაუშვან, რომ ვისაც მოესურვება, შემოვიდეს და გავიდეს ქვეყნიდან. მთავარია იმის გარკვევა, ვინ აფინანსებს ამ ძალებს, ვინ არიან მათი ხელმძღვანელები, ვინ დგას მათ უკან პანკისში, აჭარასა თუ ქვემო ქართლში. შსს-ს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, ვინ სად მიდის და ვინ ვის ეკონტაქტება.
- თქვენ თუ იცით, ვინ დგანან ამ ძალების უკან?
- მე არ ვიცი, კონკრეტულად ვინ დგას, მაგრამ საკითხავია, ვინ შექმნა ისინი, ვინ შეაიარაღა და ვინ აფინანსებს. ხალიფატი ამერიკის შექმნილია და არა მგონია, მათ საუდის არაბეთი ან კატარი აფინანსებდეს. ჩვენი ხელისუფლება უნდა ეცადოს წინააღმდეგობის გაწევას, სიტყვით კი არა, მკაცრი კანონებით. თვეების შემდეგ სირიიდან და ერაყიდან ვინც დაბრუნდება, ისინი უნდა დაისაჯონ - დააკავონ და ისეთი სასჯელი გამოუტანონ, რომ ვერც ერთმა ადვოკატმა ვერ შეძლოს მათი დაცვა. და იცით, რატომ? სირიიდან დაბრუნებული ადამიანი არ იქნება სუფთა, მის კისერზე დიდი სისხლი იქნება. ამიტომაა აუცილებლად გასარკვევი, ვინ დგას მათ უკან და ვინ უწყობს ხელს სირიასა თუ ერაყში გამგზავრებაში. ჩემთვის ცნობილია, რომ მსურველებს დიდ თანხას უხდიან და უპრობლემოდ უშვებენ თურქეთში, რის შემდეგაც ისინი სირიაში გადადიან. ახალგაზრდები რუსეთში ან ჩეჩნეთში რომ მიდიოდნენ საომრად, პრობლემა არ იქნებოდა. ჩეჩნეთში სხვანაირად ომობენ, მიწა-წყლისთვის. სირია სხვა საქმეა. იქ მე ჯიჰადს ვერ ვხედავ.
- სინამდვილეში, რა ხდება, ვისი და რა ომია სირიაში?
- ახლა რასაც ვიტყვი, ბევრს არ მოეწონება. ეს არის ამერიკა-სირიის ომი, რომელიც ძალაუფლებისთვის და ნავთობის გამო დაიწყო. ნამდვილ ჯიჰადში თუ უნდათ მონაწილეობა, ქისტები, აჭარლები და სხვები სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კი არ უნდა იბრძოდნენ, არამედ - მათ წინააღმდეგ, ვინც ეს ომი გააჩაღა. ეს იქნებოდა სინამდვილეში ჯიჰადი.