ბოლო პერიოდში ძალიან ბევრს წერენ და საუბრობენ ქრონიკული დაღლილობის სინდრომზე. ამ პათოლოგიას მეტად გლობალური და აქტუალური მნიშვნელობა აქვს თანამედროვე განვითარებული საზოგადოებისათვის. მიუხედავად ამისა, მისი პათოგენეზისა და კლინიკური სურათის საფუძვლიანი გამოკვლევები დღემდე პრაქტიკულად არ არსებობს. ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, როგორც ცალკე დიაგნოზი, პირველად მოწოდებულ იქნა 1988 წელს.
1990 წლის ბოლოს კი აშშ-ში დარეგისტრირდა დაავადების 100 000 შემთხვევა. მათი 80% ქალების წილად მოდიოდა. სწორედ ამან განაპირობა ქრონიკული დაღლილობის ნაციონალური ცენტრის შექმნაც. რამდენადაც ქრონიკული დაღლილობის სინდრომის სიმპტომები არასპეციფიკურია, ხოლო პათოგენეზი - გაურკვეველი, დიაგნოსტიკაში განმსაზღვრელი ჯერჯერობით მხოლოდ კლინიკური ნიშნებია. მიიჩნევენ, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია ერთი “დიდი” და არანაკლებ ექვსი “პატარა” სიმპტომის არსებობა. “დიდ” სიმპტომოკომპლექსს მიაკუთვნებენ გაურკვეველი (უცნობი) ეტიოლოგიის ხანგრძლივ დაღლილობას, რომელიც დასვენების შემდეგაც არ გაივლის და 50%-ზე მეტით აქვეითებს მოძრაობით რეჟიმს. “მცირე” სიმპტომებს მიეკუთვნება კუნთოვანი სისტემის დისკომფორტი, ცხელება, ლიმფური კვანძების ტკივილი, ართრალგია, მეხსიერების დაქვეითება და დეპრესია. სხვა სიმპტომებიდან აღსანიშნავია: ყელის ტკივილი, ფარინგიტი, აზროვნების დაბინდვა, თავბრუხვევა, განგაშის მდგომარეობა, ტკივილი მკერდის არეში და გაურკვეველი პათოგენეზის ნაკლებსპეციფიკური სიმპტომები.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დიაგნოსტიკის საკითხები
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დიაგნოსტიკის საკითხები მეტად აქტუალურია. ექიმთა ფართო საზოგადოებისთვის ამ პათოლოგიის დეტალები უცნობია, აქედან გამომდინარე, ეს დაავადება ხშირად სხვადასხვა ნევროლოგიური პათოლოგიითა და მდგომარეობით ინიღბება. თუმცა საფუძვლიანი კლინიკური ანალიზი საშუალებას იძლევა, ზუსტად აღიწეროს ქრონიკული დაღლილობის სინდრომის როგორც სრულიად დამოუკიდებელი ნოზოლოგიის სურათი. ქრონიკული დაღლილობის სინდრომის განვითარების ადრეულ სტადიებზე ტიპურ კლინიკურ გამოვლინებებს წარმოადგენს: