საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქონებრივი დეკლარაციის ბოლო განაცხადი 2014 წლის 31 დეკემბერს შეავსო. თუმცა, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილს ორი დეკლარაცია აქვს შევსებული - პრემიერობამდე და პრემიერობის შემდგომ. პირველი დეკლარაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრს 2012 წლის 12 დეკემბერს აქვს შევსებული, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი გახლდათ.
ირაკლი ღარიბაშვილის საკუთრებაში 3 ბინა და 3 არასაცხოვრებელი ფართია დაფიქსირებული. გაგარინის ქუჩაზე 121,80 კვ.მ ფართობის ბინა და იმავე მისამართზე 16.00 კვ.მეტრის ავტოფარეხი. ასევე, მოსაშვილის ქუჩაზე 170 კვ.მ ფართის ბინა და იქვე 38 კვ.მეტრის არასაცხოვრებელი ფართი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოსაშვილის ქუჩაზე კიდევ ერთი, 159 კვ. მეტრი ფართის ბინისა და 11.00 კვ. მეტრის არასაცხოვრებელ ფართის მფლობელია. ირაკლი ღარიბაშვილის მფლობელობაში ორი მანქანაა - Mercedes Benz, 2009, NNA-100, Toyota Corolla, 2007, GII-100 არის მითითებული. თუმცა, გრაფაში არც ერთის ღირებულება არ არის დაფიქსირებული.
რაც შეეხება ღარიბაშვილის საბანკო ანგარიშებს: 2012 წლის 12 დეკემბერს, დეკლარაციის შევსების მომენტში "ბანკ ქართუში" სამი მიმდინარე, ხოლო ერთი საკრედიტო ანგარიში ჰქონდა გახსნილი. მიმდინარე ანგარიშებზე ასახული თანხის რაოდენობა ასე გამოიყურება: 1 ევრო, 4,72 აშშ დოლარი და 21.72 ლარი, ხოლო საკრედიტო ანგარიშზე 2838.42 ლარი.
ასევე, ფულადი თანხის გრაფაში მითითებულია 20 000 ლარი.
რაც შეეხება მის წლიურ შემოსავლებს - 2012 წლის დეკლარაციის თანახმად, საქველმოქმედო ფონდ "ქართუში", სადაც ღარიბაშვილი გამგეობის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, მისმა წლიურმა შემოსავალმა 75 000 ლარი შეადგინა, ხოლო შპს ”ქართული ოცნების” დირექტორობისას წლიური შემოსავალი ასევე 75 000 ლარი იყო. გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილი იყო ს.ს. ბანკი "ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და სან-მარინოს საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი. თუმცა, 2012 წლის დეკლარაციაში წლიური შემოსავლის ორივე გრაფა ცარიელია.