28 აპრილს მცხეთის ქუჩაზე დეპუტატ თენგიზ ხუბულურის შვილს, 35 წლის თემურ ხუბულურს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ ესროლეს. შემთხვევა მცხეთის ქუჩაზე დღეს საღამოს მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დეპუტატის ვაჟის მიმართულებით დაახლოებით შვიდი გასროლა განხორციელდა.
არსებული ინფორმაციით, უმცროს ხუბულურს ავტომანქანაში მასთან ერთად მყოფმა პირმა ესროლა. მოხდარის თვითმხილველები გამოძიებამ უკვე დაკითხა. ექიმის თქმით, მას ტერფებზე 5-ზე მეტი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს.
დაჭრილის მეგობრები მიზეზებზე ღიად არ საუბრობენ. გამოძიებამ უკვე დაკითხა პირი, ვინც ხუბულური კლინიკაში გადაიყვანა. ცნობილია, რომ თავად დაჭრილი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. მომხდარის სავარაუდო მიზეზად ხუბულურისა და უცნობი პირის წარსულში მომხდარი შელაპარაკება სახელდება.
მომხდარზე გამოძიება 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაჭრილს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევია.
მომზადებულია "კურიერის" და "ინტერპრესნიუსი"-ს მასალების მიხედვით