ცნობილ ვარსკვლავს დამსგავსება არა მარტო მოზარდებს, ხანდახან უფროსებსაც მოესურვებათ ხოლმე. თუმცა მოზარდებს შორის, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში, ყველაზე გამძაფრებულია საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილების განცდა. ამ დროს გაცილებით მეტად ისწრაფვიან ადამიანები, გახდნენ თავდაჯერებულები, სხვებისთვის მოსაწონები, გამორჩეულები, პოპულარულები... ამ ყოველივეს დევნაში კი, ხანდახან საკუთარ თავს კარგავენ.
ბოლო პერიოდში მოზარდებს შორის განსაკუთრებით საშიში ტენდენცია - თოჯინებად ქცევა. ამ ადამიანების დიდი ნაწილი სწორედ მოზარდობიდან, გარდატეხის ასაკიდან "დაავადდა" მანიით, რომელსაც თოჯინად გადაქცევა ჰქვია, სისრულეში მოიყვანა ჩანაფიქრი და ზოგიერთმა მათგანმა, ისე საბოლოოდ და კატასტროფულად შეიცვალა გარეგნობა, ძალიანაც რომ მოინდომოს, უკან დასაბრუნებელ გზას ვეღარ იპოვის. ახალგაზრდებს, რომელთაც ყველაფერი წინ აქვთ, ცხოვრებისეული განცდები, ბევრი სიხარული, სიახლე, განსაცდელი, თავგადასავალი, ურჩევნიათ, ხელოვნურად შექმნილ არსებებს დაემსგავსონ, უემოციო თოჯინებად იქცნენ, რომელთა ცხოვრება მხოლოდ ვირტუალურია - სოციალურ ქსელში თუ ჟურნალებში გავრცელებული ფოტოების სახით.
ახლა სულ რამდენიმე მათგანზე გიამბობთ და კიდევ ერთხელ ვახსენებთ მშობლებს, რომ ბავშვის ნებისმიერი ასაკი მნიშვნელოვანია და ყურადსაღები, განსაკუთრებით კი გარდატეხის ასაკი – ეს დრო, ამ დროის სირთულეები არ უნდა გამოეპაროთ მხედველობიდან, არ უნდა დაკარგონ კავშირი თავიანთ შვილებთან და არ მისცენ მათ საშუალება, სავალალო შედეგებამდე მივიდნენ და ცხოვრება დაინგრიონ.
ვალერია ლუკიანოვა თოჯინა ბარბის ისე დაემსგავსა, ნამდვილ ადამიანს აღარც ჰგავს.