თბილისის მეტროს სადგურ "ისნიდან" სამგორის რაიონის ზოგიერთი დასახლებების მიმართულებით 29 აპრილიდან მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტების განრიგში ცვლილებები განხორციელდება.
ამის თაობაზე ინფორმაციას საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გულიკო ზუმბაძე და მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსის მოადგილე მერაბ მამულაშვილი ავრცელებენ.
"მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით, დედაქალაქის ცენტრიდან შედარებით დიდი მანძილებით დაშორებული - სამგორის რაიონში არსებული შემოერთებული სოფლებისა და დასახლებებისთვის, სატრანსპორტო მომსახურების სერვისის გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან ერთად შემუშავდა და ცვლილებები შევიდა მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტების სამუშაო განრიგში: მარშრუტებზე გაიზარდა სამუშაო დროის ხანგრძლიობა; საღამოს საათებში დაემატა დამატებითი რეისები და შემცირდა მარშრუტებზე მოძრაობის ინტერვალები. აღნიშნული ცვლილებები შეეხო სოფელ პატარა ლილოს, ვარკეთილის მეურნეობას, სოფელ დიდი ლილოს, ორხევის დასახლებას, სოფელ ნასაგურს, სოფელ წინუბანს და ლოჭინი–ლილოს დასახლებაში მომუშავე მარშრუტებს", - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ზემოაღნიშნული ცვლილებები გამოკრული იქნება დღის ბოლოსთვის ყველა აღნიშნულ დასახლებაში მომუშავე ავტობუსების სალონებში.