ნეპალი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე: 4 310 გარდაცვლილი და ელჩის საგანგებო ვიზიტი ქართველების დასახმარებლად

ნეპალი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე: 4 310 გარდაცვლილი და ელჩის საგანგებო ვიზიტი ქართველების დასახმარებლად

ნეპალში მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად რვა მილიონი ადამიანი დაზარალდა. 1,4 მილიონს კი საკვები პროდუქტები ესაჭიროება. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, გაერო აცხადებს.

ნეპალში სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის არაერთმა ქვეყანამ გააგზავნა ჰუმანიტარული დახმარება, მიუხედავად ამისა, მოსახლეობა მედიკამენტების, საკვებისა და პირველადი მოხმარების საგნების დეფიციტს განიცდის.

ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი უკვე 4 310-ს აღწევს, დაშავებულია 8 000-ზე მეტი ადამიანი. ნეპალსა და მეზობელ ქვეყნებში განმეორებითი ბიძგები ამ დრომდე გრძელდება, რის გამოც ათასობით ადამიანი კატმანდუში უკვე მესამე დღეა კარვებში ათენებს ღამეს. მიწისძვრამ გაანადგურა ინფრასტრუქტურა, დაბინძურებულია წყალი, არსებობს დაავადებების გავრცელების საშიშროება.

25 აპრილს მომხდარმა მიწისძვრამ ევერესტზე ზვავი გამოიწვია, რასაც 18 ადამიანი შეეწირა. 200-ზე მეტი ალპინისტი კი მთებშია დარჩენილი, მათ გამოყვანას ვერტმფრენებით ცდილობენ.

ნეპალის მასშტაბით სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებში ქვეყნის არმია და პოლიციაცაა ჩართული. მიწისძვრამ დააზარალა მეზობელი ინდოეთი და პაკისტანიც, სადაც ასევე ათობით ადამიანი დაიღუპა.

საქართველოს ელჩი ინდოეთის რესპუბლიკაში, აკრედიტებული ტაილანდის სამეფოში, შრი-ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკასა და ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ლევან ნიჟარაძე კატმანდუში იმყოფება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელჩი ნეპალში გუშინ გვიან ღამით ჩავიდა, რათა ადგილზე გაეცნოს იქ მყოფი ქართველების მდგომარეობას.

ელჩი დღეს ნეპალში მდებარე გაერო-ს ოფისში შეხვედრას გამართავს და ასევე, შეეცდება კონტაქტზე გავიდეს იმ ქართველთა ტურისტულ ჯგუფთან, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, პოხარაში იმყოფება.

ნეპალში მიწისძვრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ინდოეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზია მითითებული, რომ ნეპალში მყოფი საქართველოს მოქალაქეები საჭიროების შემთხვევაში საელჩოს დაკავშირებოდნენ.

ცხელი ხაზის ნომრებია: +911149496000; +919560093233; +919560791004;

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა