"ჩემი ცოლის დაქალებში" მთავარი თუ მეორეხარისხოვანი პერსონაჟი სახასიათო და საინტერესო სახეს ქმნის, მაგრამ დუდუს გამოჩენა ეკრანზე ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ის მეგობარს, ქალბატონ მაკას (მსახიობი ნინო კასრაძე), რომელიც ადრე თურმე მოსწონდა, გასაჭირში გვერდში უდგას. დუდუ მაკას ერთადერთი იმედი და დასაყრდენი ძალაა. ისიც ამართლებს მის იმედებს, ყოვლისშემძლე მამაკაცია და ლამის "სუპერმენიც", ყველანაირ რთულ პრობლემას მაშინვე უგვარებს. ამის ფონზე კი სერიალის მაყურებელი უკვე ასე ხუმრობს: ახლა დუდუს დავურეკავ...
რეალურად კი ეს ადამიანი უშიშროების სამსახურის თანამშრომელია, რომლის როლსაც მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი ალეკო ბეგალიშვილი ასრულებს. ის ახლა ჩვენს კითხვებს პასუხობს.
- მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პერსონაჟი, რომელსაც სერიალში ასახიერებთ, არ არის მთავარი გმირი, საინტერესო ტიპაჟია. როგორ გგონიათ, რა იწვევს მის მიმართ მაყურებლის ინტერესს?
- არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, ამ სერიალს იშვიათად ვუყურებ, ერთი-ორჯერ ინტერესის გამო შევხედე, - აბა, რას წარმოვადგენ-მეთქი. მაგრამ ჩემი ხმა რომ გავიგე და ამასთან, საკუთარი თავი ეკრანზე დავინახე, არ მესიამოვნა და გადავრთე. ალეკო ბეგალიშვილის მიმართ კრიტიკული ვარ...
თავიდან ამ გმირის ტექსტი რომ წავიკითხე, ვერ მივხვდი, რა ტიპი იყო, საერთოდ, რა კაცთან მქონდა საქმე და პირველ გადაღებაზე დავიბენი, - რა უნდა გამეკეთებინა, არ ვიცოდი. მერე ნელ-ნელა მივხვდი, რომ ამ ქალის მიმართ სიმპათიები აქვს, თან, რაღაც გავლენიანია, მაგრამ ბოლომდე ვერ ჩავწვდი იმას, მაინც ვინ იყო. ბოლოს სერიალის პროდიუსერმა, ირაკლი საღინაძემ მითხრა, - იცოდე, ეს ტიპი უშიშროების თანამშრომელია... მერე უკვე მივხვდი, რასთან მქონდა საქმე. კომუნისტების დროს ეგენი მაგარი ცუდი ტიპები იყვნენ...
მაგრამ ახლა ეს კაცი, რომელსაც ვთამაშობ, საით და როგორ განვითარდება, კაცმა არ იცის. ეგ სცენარისტის საქმეა, - ჰო, სცენარისტზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, ამბავს მის გარშემო როგორ განავრცობს, დანარჩენი უკვე ტექნიკის საკითხია.
- მსახიობ ნინო კასრაძის უშუალო პარტნიორობა გიწევთ. ეს თქვენი პირველი თანამშრომლობაა, თუ სხვა დროსაც გითამაშიათ ერთად?
- მე და ნინო ერთმანეთს 1988 წლიდან, თეატრალური ინტიტუტიდან ვიცნობთ. მე მუსიკალური კომედიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, სადაც მიღება 4 წელიწადში ერთხელ იყო. პირველი კურსი რომ დავხურე, ჯარში გამიწვიეს. იქიდან რომ დავბრუნდი, ''მუსკომედიას'' მეორე კურსი არ ჰქონდა და ამიტომ აკაკი გაწერელიას ჯგუფთან ერთად დამსვეს, მაგრამ ოსტატობას, ანუ მუსკომედიას, მეოთხე კურსელებთან გავდიოდი, დანარჩენ საგნებს - გაწერელიას ჯგუფთან, რომელშიც სწავლობდნენ: ნიკა თავაძე, ნინო კასრაძე, ნატო მურვანიძე, - ძალიან მაგარი "სასტავი". გამიმართლა, რომ ამ ხალხთან ერთად აღმოვჩნდი. ხომ ვამბობ, ნინოც მაშინ გავიცანი. მერე მე მუსიკისა და დრამის თეატრში მოვხვდი, ის - რუსთაველის თეატრში, გზები გაიყარა, ცოტა ხნის წინ ნუცა ალექსი-მესხიშვილმა თავის ფილმში დამიძახა, სადაც ნინოსთან მომიწია თამაში, პატარა სცენა იყო, სუფრასთან ვსხედვართ... მოკლედ, ამდენი წლის შემდეგ ასე შევხვდი ნინოს, რომელიც მაგარი პარტნიორია. ისიც გამიხარდა, რომ სერიალში ერთად ვართ. გარდა ამისა, ძალიან თბილი და ასე ვთქვათ, "ჯიგრული" ურთიერთობა გვაქვს...
- თავიდან ამ როლზე რომ დამიძახეს, დავიბენიო, - აღნიშნეთ. საინტერესოა, გაქვთ თუ არა ცხოვრებაში დუდუს მსგავსი თვისებები?
- არანაირად, რას ლაპარაკობთ?! აბსოლუტურად კავშირში არ ვარ მასთან. დუდუ სულ სხვა ტიპია, მე კარგი გაგებით, "ბრადიაგა" კაცი ვარ (იღიმის). ამით იმას კი არ ვამბობ, რომ ბოთლებში თავჩარგულს მძინავს-მეთქი, მაგრამ ზურგზე გადებული გიტარა და "წავედით ბიჭებო, ვიქეიფოთ, დავლიოთ, დრო გავატაროთ," - ეს ამბავი მახასიათებს. ბოჰემური ცხოვრება თუ რაღაც, ჩემი სტილია... გაწონასწორებული კაცი ნაღდად ვერ ვარ.
- გიტარა ახსენეთ, როგორც ჩანს, მუსიკა გიყვართ...
- ადრე "ბითლზებით" ვიყავი გატაცებული და ბიჭებს ჯგუფიც გვქონდა. ვუკრავდით. მერე ყველა თავის პროფესიას გაჰყვა. ის ყველაფერი უფრო გატაცება იყო. ისე, გიტარას ახლაც ვაჩხაკუნებთ. თეატრში რაღაც ჯგუფივით გვაქვს და თავისუფალ დროს ვუკრავთ ხოლმე. საერთოდ კი მუსიკა ოჯახიდანაც მომყვება, ჩვენთან ყველა მღეროდა...
- ცნობილია, რომ მუსიკალური დრამისა და კომედიის თეატრში თითქმის ყველა მოქმედ წარმოდგენაში ხართ დაკავებული და ამასთან, ამავე თეატრის ცნობილი მსახიობის, ბადრი ბეგალიშვილის შვილი ხართ...
- კი და ჩემი უმცროსი ძმაც, ბადრი ჩემთან ერთად არის. შეიძლება ითქვას, რომ ამ თეატრში გავიზარდეთ.
- მსახიობი მამის სამი ვაჟი და სამივე (ზურა, ალეკო, ბადრი) მსახიობი... მგონი, ესეც იშვიათი შემთხვევაა... თან, ყველანი მაგრები...
- რა ვიცი, ეგ ალბათ გენია (იღიმის). ისე, მსახიობი ძმები და მამა-შვილები სხვებიც არიან და გამონაკლისები არ ვართ.
- ძმები რითი ჰგავხართ ერთმანეთს?
- ანუ საერთო რა არის ჩვენ შორის? მე და ზურა (უფროსი ძმა) მანერებით ვგავართ, ბადრი მამისკენ არის ვიზუალურადაც და მანერებითაც. იმის გამო, რომ ზურას ვგავარ, სულ ვცდილობ, ამ მსგავსებას გავექცე, მაგრამ ბოლომდე არ გამომდის. როდესაც ეკრანზე, საკუთარ თავს, ახლო პლანით ვუყურებ, იქაც ზურას ვიჭერ, არ მინდა, მაგრამ როგორც ჩანს, შიგნით რაც გაქვს, იმას ვერ გაექცევი...
- ეს უკვე მართლაც გენეტიკაა...
- კი, მამასაც ყველა რაღაცით ვგავართ. ენამოსწრებული კაცი იყო, ენერგიული. ორი წელი გახდა, რაც აღარ არის...
- პირად საკითხებზე რას გვეტყვით?
- არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი. გეტყვით, რომ მყავს მეუღლე და ორი შვილი - 12 წლის მარიამი და 10 წლის დათო. ჯერ პატარები არიან, მაგრამ გოგო პანკობისკენ იხრება, თავი გადაიპარსა, ბიჭს ჯექსონი მოსწონს და რაღაც ასეთი ტიპები არიან, ცოტა მოგიჟო. ჯერ თვითონაც არ იციან, რა უნდათ... იმედია, მალე გაერკვევიან...
ლალი ფაცია
AMBEBI.GE