ხარძიანების ბრძოლა დიდი ქონებისთვის და მოკლული ბიზნესმენის პირადი და ბიზნეს-ცხოვრების დეტალები

ხარძიანების ბრძოლა დიდი ქონებისთვის და მოკლული ბიზნესმენის პირადი და ბიზნეს-ცხოვრების დეტალები

ბესიკ ხარძიანის მკვლელობის გარშემო გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. ბიზნესმენი 28 მარტს საკუთარ სახლთან მოკლეს. გუშინ "მერიოტში" ბესიკ ხარძიანის პირველმა ცოლმა და შვილებმა პრესკონფერენცია გამართეს და სკანდალური განცხადებები გააკეთეს. ბიზნესმენის ყოფილი ცოლის და შვილების შესახებ საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი იყო.

გაჩნდა ვარაუდები, რომ ინგა ბაბუაძე და მისი შვილები ხარძიანის ქონების გაყოფას ითხოვენ. ინგა ბაბუაძემ და ბესო ხარძიანმა 80-იან წლებში იქორწინეს, როგორც ბაბუაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, მათ სამი შვილი ჰყავდათ, თუმცა ერთი ვაჟი დაეღუპათ. ბაბუაძე აცხადებს, რომ მას ხარძიანისგან ერთი თეთრიც არ მიუღია. ბესო ხარძიანმა ინგა ბაბუაძესთან დაშორების შემდეგ ეკა ნონიკაშვილზე იქორწინა.

AMBEBI.GE დაინტერესდა, რა ქონებას ფლობდა ბიზნესმენი ბესო ხარძიანი.

ბიზნესმენი 2011 წლის თებერვალში ნარკოდანაშაულის გამო დააკავეს. ციხიდან მხოლოდ 2012 წელს გათავისუფლდა. ბიზნესმენი ამტკიცებდა, რომ ამ პერიოდში მისი ქონება სხვებმა გადაიფორმეს. ბესო ხარძიანის საქმის გამოძიება სასამართლომ 2013 წელს დაიწყო; საქმე "კუს ტბა კალადან" და "კუს ტბა პალასიდან" წილების დაბრუნებას ეხებოდა.

საჯარო რეესტრიდან 2011 წლის აპრილის ამონაწერით ირკვევა, რომ "კუს ტბა პალასში" ბესარიონ ხარძიანი 12,5%-ს ფლობდა. მფლობელებს შორის არის მარინა მგალობლიშვილი (რომელიც, გია უდესიანის მიერ 2008 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, უდესიანის ცოლია) 22.5%-იანი წილით და კიდევ 6 მეწილე.

ამავე წლის სექტემბრის ამონაწერით კი, ძველი პარტნიორებიდან მხოლოდ 2 - ვახტანგ კიკაბიძე და ირმა კეკელიძე არიან დარჩენილნი, 55%-იანი წილის მფლობელი კი პანამაში დარეგისტრირებული "უოლმილ სერვისია".

რაც შეეხება "კუს ტბა კალას", 2010 წლის მონაცემებით, ხარძიანს აქ 26,5%-იანი წილი ჰქონდა, გია უდესიანს კი - 11,5%; მარინა მგალობლიშვილს - 11%. რეესტრიდან 2014 წლის ამონაწერით ახლა მას ოფშორში რეგისტრირებული 3 კომპანია (მათ შორის "უოლმილ სერვისი") და ვახტანგ კიკაბიძე (7%-იანი წილით) ფლობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ქონების იძულებით დათმობა 2011 წლის 20 აპრილს გაფორმდა. ხარძიანმა პირველი ინსტანციის სასამართლო მოიგო. ბიზნესმენი იმედს გამოთქვამდა, რომ დაკარგულ ქონებას დაიბრუნებდა და მის წართმევაში გია უდესიანს ადანაშაულებდა.

"იმედია ახალი პროკურატურის პირობებში დამკითხავენ. დავით ჩხატარაშვილს, ჩემი ციხეში ყოფნის დროს, გიორგი უდესიანთან ერთად კუს ტბა არაბებისთვის 40 მილიონად უნდა მიეყიდა. ამის მტკიცებულება მაქვს, რომ მთავარი პროკურორის მოადგილე, დავით ჩხატარაშვილი იყო ჩარეული, ამიტომ დამიჭირეს და გადაწყვიტეს ჩემი გაუბედურება".

ბესიკ ხარძიანი, გადაცემა "დიდი პოლიტიკა", 2013 წელი

ბიზნესმენი გია უდესიანთან ერთად ქონების ჩამორთმევაში ვინმე ქურასბედიანსაც ადანაშაულებდა, რომელიც, როგორც თავად ამბობდა,  ქონების დაბრუნებას დაპირდა, მაგრამ ბოლოს უარი უთხრა.

როგორც ბიზნესმენი ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებდა, "კუს ტბა პალასის" და "კუს ტბა კალას" გარდა,  სასტუმრო "საქართველოს" მეპატრონეც იყო. მედიასთან საუბრისას ხარძიანი ამბობდა, რომ  2007 წელს სიღნაღში აუქციონში მას იძულებით მიაღებინეს მონაწილეობა და 37 000 დოლარად შეფასებულ ავტოფარეხში ნახევარი მილიონი გადაახდევინეს.

"აუქციონზე, რომელიც სიღნაღში 2007 წელს გაიმართა, 37 ათასად ღირებული "გარაჟი" მილიონნახევარ დოლარად ვიყიდე. სასტუმრო "საქართველოს" მეპატრონე გახლდით. დირექტორები დაიჭირეს, მათ შორის ერთ-ერთი ჩემი გარდაცვლილი მეგობრის მამა იყო. ასეთი ზეწოლის

ქვეშ როგორ არ უნდა გადამეხადა? რა უნდა გამეკეთებინა?", - იხსენებდა გარდაცვალებამდე ბიზნესმენი.

ბესიკ ხარძიანი, გადაცემა "დიდი პოლიტიკა", 2013 წელი

ხარძიანის ქონებრივ დავასთან დაკავშირებულ უფლებებს სასამართლოში ადვოკატი ლამარა კობალაძე იცავდა. ლამარა კობალაძე ხარძიანის ქონებასა და მასთან დაკავშირებულ ოჯახურ დავაზე Ambebi.ge-სთან საუბრობს.

Ambebi.ge: რა ქონებას ფლობდა ბატონი ბესო, ამბობენ, რომ ხარძიანის პირველი ცოლი ქონების გაყოფას ითხოვს?

ლამარა კობალაძე: ჯერ ქონება არ დაუბრუნებიათ და რა უნდა გაიყოს? ჯერ არავინ იცის, ვინ რას ითხოვს. 6 თვე უნდა გავიდეს და გაირკვეს, ვის აქვს პრეტენზია ქონებაზე; მერე უნდა გაირკვეს, რა დარჩა ბესოს სამკვიდრო, ამის მიხედვით განაწილდება.

Ambebi.ge: რა ქონებაზეა საუბარი?

ლამარა კობალაძე: "კუს ტბა პალასში" და "კუს ტბა კალაში" ჰქონდა მას წილები. ხარძიანების ოჯახს ჰქონდა 43 პროცენტი, მაგრამ თუ სწორად მახსოვს, ბესოსი იყო ერთგან - 12 და მეორეგან 17 პროცენტი. მეუღლის, ძმის და ძმისშვილის სახელზე იყო დანარჩენი, მათთან ბესოს შვილებს რა ხელი აქვთ?

Ambebi.ge: ბატონი ბესო ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებდა, რომ ის გახლდათ სასტუმრო "საქართველოს" მეპატრონე და სიღნაღში ძალით მიაღებინეს აუქციონში მონაწილეობა...

ლამარა კობალაძე: სიღნაღში ასე იყო, ავტოფარეხი შეაძენინეს, რაღაც ნანგრევებია, რომელიც მილიონნახევარი ნამდვილად არ ღირს. საწყალი ისე გარდაიცვალა, არც იცოდა ხეირიანად, სად მდებარეობდა ეს ავტოფარეხი, არც გაუფორმებია და არც გამოუყენებია. სასტუმრო "აფხაზეთში" ჰქონდა გარკვეული ფართი და ესეც სახელმწიფომ დაათმობინა, აჩუქებინა.

Ambebi.ge: კიდევ რა ქონებას ფლობდა ბატონი ბესო?

ლამარა კობალაძე: თუ არ ვცდები, ახლა ჰქონდა რაღაც შპს, მოქმედი იყო თუ არა, არ ვიცი. ვიცი ის, რომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე საგადასახადო ვალდებულება დააკისრეს 300 000 ლარი, აბსურდულად მიგვაჩნია ეს ჯარიმა და ალბათ შევძლებთ გასაჩივრებას.

ითხოვს თუ არა საკუთარ წილს ბესიკ ხარძიანის პირველი ოჯახი, და თუ ითხოვს, რა პრეტენზიებს გამოთქვამს მასზე, ამის გასარკვევად Ambebi.ge ინგა ბაბუაძეს დაუკავშირდა. ბაბუაძის დედამ განაცხადა, რომ მის შვილს ღამის სამ საათამდე პროკურატურაში კითხავდნენ, თავს შეუძლოდ გრძნობს და ლაპარაკი არ შეუძლია.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"აგიყვან "ვერტალიოტებით" და გაგაფრენ იარაღებით ყელში გარჭობილიო" - რას ამბობს ბიზნესმენი, რომლის მიმართ დანაშაულს უდესიანს ედავებიან

ბიზნესმენ გია უდესიანს ახალი ბრალი წარედგინა - რა განცხადება გაკთდა გენერალურ პროკურატურაში

სიმთვრალის გამო მეორედ დაჯარიმების შემთხვევაში, ადმინისტრაციული პატიმრობა გელით