აპრილის დასაწყისში უკრაინის მთავრობამ მოიწონა კანონპროექტები, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებას დაიწყებენ. განხილული ოთხი კანონპროექტიდან, სამი - უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ეკა ზღულაძის გუნდის დაწერილია. წარმოგიდგენთ ინტერვიუს ნაწილს, რომელიც გამოცემა "უკრაინსკაია პრავდამ" ზღულაძესთან ჩაწერა.
- თქვენი მისამართით ისმის კრიტიკა, რომ უკრაინული კანონპროექტების მესამედი გადმოწერილია ქართული კანონებისგან.
- მე ძალიან ფრთხილად ვუდგები საერთაშორისო გამოცდილებას. ჩვენ გვსურს ევროპული სტანდარტები, მაგრამ ევროპაშიც არ არსებობს ერთიანი ხედვა პოლიციის სტრუქტურის. არ მიყვარს, როდესაც ასეთ ფრაზებს ისვრიან. უკრაინის ნაციონალური პოლიციის კანონპროექტის სტრუქტურა ქართულს ემსგავსება, ისევე, როგორც ქართული გავს ლიტვურს, ხოლო ლიტვური - ჩეხურს, ჩეხური კი ფრანგულს. ერთადერთი ქვეყნები, რომელსაც ის არ დაემსგავსება, არის ფედერალური ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი. თუ არ დაეზარებათ და წაიკითხავენ ჩვენ კანონპროექტს და ქართულ კანონს, აღმოაჩენენ, რომ ისინი ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდებიან.
- მიუხედავად ამისა, კრიტიკა ისე გაისმის, რომ საზოგადოებამ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ ვის მიიღებენ სამსახურში და როგორ ვითარდებიან თანამშრომლები პოსტებზე...
- მნიშვნელოვანია საზოგადოება არა მხოლოდ აკვირდებოდეს, თუ როგორ მუშაობს სისტემა, არამედ იღებდეს კიდეც მის მუშაობაში მონაწილეობას. ამიტომ კანონპროექტის ერთი თავი დათმობილია პოლიციასა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობას.
- ამჟამად მიმდინარეობს საპატრულო სამსახურის შექმნა, რომლის მიმართაც ახალი მოთხოვნებია საკონკურსო შერჩევის სახით. როდის ამოქმედდება ასეთი ტიპის შერჩევა გამომძიებლებზე, რომლებიც შედეგად ახალ პოლიციაში იმსახურებენ?
- რეფორმის შედეგად სისტემა უნდა შეიცვალოს. ეს მრავალფენიანი პროცესია. მაგალითად, პოლიციელი სისტემაში მოხვდება არა ქრთამის ან შეთანხმების საფუძველზე, არამედ სტანდარტული შერჩევის პროცედურებით. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ თუ მაგალითად, 18 წლის ასაკში შენ იხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ჩასარიცხ ფულს, რომ შემდეგ სამსახურში მოეწყო, ასეთი ადამიანი უკვე გაფუჭებულია.
- ანუ ყველა უნდა გაათავისუფლოთ, სტუდენტები კი ხელახალ გამოცდებზე გაგზავნოთ?
- მე ახლა ვსაუბრობ არა სასჯელზე, არამედ მეორე შანსზე. ეს მხოლოდ მათი ბრალეულობა არ არის, ეს მათი მშობლების და სისტემის ბრალიცაა. მხოლოდ პოლიციაში არ არის ეს პრობლემა, ასეთივე პრობლემებია ჯანდაცვაში და სხვა პროფესიებში. ეს ცუდი პრაქტიკაა და ხელს გვიშლის განვითარებაში.
სტატიის ქართული თარგმანი - AMBEBI.GE
სტატიის ორიგინალი - pravda.com.ua/Эка Згуладзе: Реформа полиции продлится пять лет. А может, и десять