"დღეს, თბილისში "ნაციონალების" ყრილობაა და საქართველოს დედაქალაქისკენ ქუდზე "ნაციონალია" დაბარებული", - ეს სიტყვები ოზურგეთის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელ კობა ბანძელაძეს ეკუთვნის. "გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის გაერთიანების შედეგად მიღებულ ააიპ-ს ჩაუდგება სათავეში.
საჯარო მოხელე "მიშა მიშას" შეძახილით ოზურგეთელებს კარგად ახსოვთ. "გურია ნიუსის" არქივიც არაერთ მასალას ინახავს, რომელიც ბანძელაძის "ნაციონალურ მოძრაობაში" აქტიურ მოღვაწეობას ასახავს.
2011 წლის 16 დეკემბერი - ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოზურგეთში "ავერსის" კლინიკას ხსნის. აქტიურობით გამოირჩევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი კობა ბანძელაძე.
2012 წლის 28 სექტემბერი - ოზურგეთში, "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე გასამგზავრებლად ემზადებიან. "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერების, აქტივისტების და წევრების მიკროავტობუსებში გადანაწილებაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორი კობა ბანძელაძე იყო ჩართული.
კობა ბანძელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს 2007 წლიდან ხელმძღვანელობს. "გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა სწორედ ბანძელაძემ უხელმძღვანელოს ორი ააიპ-ის რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ ახალ ცენტრს.
"ჩემს დანიშვნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ დავადასტურებ, რადგან ჯერ არაფერი არ ვიცით, ახალი ცენტრის ხელმძღვანელი ვინ იქნება ... მე მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის გაუქმებასთან დაკავშირებით ვერანაირ ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ, უბრალოდ ვიცი, რა ხდებოდა დღეს საკრებულოს სხდომაზე. ერთი ის შემიძლია გითხრათ, რომ კულტურის ცენტრიც და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლიც იქნება უკეთეს პირობებში. ვგულისხმობ შენობის გაუმჯობესებას, ინვენტარსა და აპარატს", - აცხადებს ბანძელაზე.