თერჯოლის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი თერჯოლაში "იოღოვას მოწმეებსა" და მართლმადიდებელ მრევლს შორის მოსალოდნელ სერიოზულ დაპირისპირებაზე საუბრობს.
როგორც "ინტერპესნიუსს" დეკანოზმა სპირიდონმა განუცხადა, თერჯოლაში "იოღოვას მოწმეებსა" და მართლმადიდებელ მრევლს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც "იოღოვას მოწმეებმა" ქალაქის ცენტრში გამგეობის ნებართვით სახლის მშენებლობა დაიწყეს. ამის გამო ადგილობრივმა მრევლმა აქციები გასული წლის ივნისის თვეშიც გამართა. შემდგომ ქალაქის ხელმძღვანელობამ განკარგულება გამოსცა, რომლითაც მშენებლობა შეაჩერა. თერჯოლის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე სანაცვლოდ "იოღოვას მოწმეებს" აღნიშნული ადგილიდან რამდენიმე ასეულ მეტრში ტერიტორიის გამოყოფას დაპირდა.
დეკანოზის განცხადებით, "იოღოვას მოწმეები" წინააღმდეგი არიან სახლი სხვა ადგილზე ააშენონ. მათ ქალაქის ხელმძღვანელობის მიერ გამოცემული განკარგულება სახლის მშენებლობის შეჩერების შესახებ ზესტაფონის სასამართლოში გაასაჩივრეს. "სასამართლომ გამგეობის მიერ გამოცემული განკარგულება შეაჩერა და სახლის მშენებლობის შესახებ გაცემული ნებართვა ძალაში დატოვა. სასამართლოში მხარეს თერჯოლის რაიონის გამგეობა წარმოადგენს. ადგილზე ამ მომენტში სახლის მშენებლობა ფიზიკურად არ მიმდინარეობს. სასამართლოს განაჩენის აღსრულება ჯერ არ მომხდარა, რადგან გამგეობას უფლება აქვს სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს", _ აღნიშნა მამა სპირიდონმა.
მისივე თქმით, "იოღოვას მოწმეებს" თერჯოლაში ერთი სახლი უკვე აქვთ, რომელიც მათი თავშეყრის ადგილია. დეკანოზმა საუბრისას დასძინა, რომ ახალი სახლის მშენებლობის დაწყებამდე ადგილობრივებსა და "იოღოვას მოწმეებს" შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა.
"როგორც ჩემთვის არის ცნობილი, საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის თანახმად, ორგანიზაციის საქმიანობა, რომელიც რელიგიურ დაპირისპირებას იწვევს, შეიძლება შეჩერდეს. მიჩნდება კითხვა, ყოველივე ხომ არ ხდება მიზანმიმართულად. კერძოდ, მოხდეს პროვოკაცია რელიგიურ ნიადაგზე და საერთაშორისო ორგანიზაციების თვალში შემდეგ სასულიერო პირები და ეკლესია გამოყვანილი იქნენ როგორც განსხვავებული აზრისა და რელიგიის, "იეღოვას მოწმეების", მდევნელი. თუ მათ მშვიდობა სურთ, ეს ქმედებითაც უნდა აჩვენონ", _ დასძინა მამა სპირიდონმა.
მისივე განცხადებით, თეროჯოლაში აღნიშნული პრობლემის გამო საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა. საკითხის მოსაგვარებლად მართლმადიდებელი მრევლის წარმომადგენლებმა საინიციატივო ჯგუფიც შექმნეს და რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად მედიის მეშვეობით ხელისუფლების სხვადასხვა უწყებებსაც მიმართეს.
დეკანოზი მხარეებს შორის დაპირისპირების საშიშროებას ხედავს და მიმართავს ორივე მხარეს 26 აპრილს, 16:00 საათზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის დარბაზში შეიკრიბონ, რათა შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი მოიძებნოს.