სომხურმა ეკლესიამ მილიონნახევარი ადამიანი, რომლებიც 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მასობრივ მკვლელობებს ემსხვერპლნენ, გუშინ წმინდანად შერაცხა. წმინდანად შერაცხვის ცერემონია სომხეთის ეჩმიაძინის სახელობის ტაძარში გაიმართა, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანიც ესწრებოდა.
დაღუპულთა წმინდანად შერაცხვის რიტუალი სრულიად სომეხთა კათალიკოსმა გარეგინ მეორემ აღასრულა. ბოლოს სომხურმა ეკლესიამ კანონიზების რიტუალი 400 წლის წინ შეასრულა. "დოიჩე ველესთან" საუბარში სომხური ეკლესიის ერთ-ერთმა მღვდელმთავარმა, არქიეპისკოპოსმა პარგევმა განაცხადა, რომ ეს ადამიანები ღირსები იყვნენ წმინდანად შერაცხვის, რადგან, მისი თქმით, ისინი რწმენასა და სამშობლოს შეეწირნენ.