მხატვრული ფილმი ''ლაზარეს თავგადასავალი'', კინორეჟისორი ძმების: ქართლოს და რამაზ (ბუბა) ხოტივარების ნამუშევარი პირველად კინოს სახლში უჩვენეს. გეგა კობახიძისა და ავთანდილ მახარაძის ტანდემთან ერთად ეკრანზე კახი კავსაძე, ზოზო ბაქრაძე, გურამ ნიკოლაიშვილი, ვასილ ჩხაიძე, ჯემალ ღაღანიძე და სხვა მსახიობები ჩანდნენ. ობოლი ბიჭისა და მოხეტიალე ბრმის ამბავი, რომლებიც სოფლიდან სოფელში ლუკმაპურის საშოვნელად დადიან, პრემიერის მეორე დღიდანვე მოექცა ყურადღების ცენტრში. თუმცა, მანამდე ქალაქში არანაკლები რეზონანსი მოჰყვა იმ ტრაგედიას, რაც ამ სურათის შექმნის პერიოდში ცნობილი კადრების ''მიღმა'' დატრიალდა...
ხოტივარები რაჭველები არიან. ლევან ხოტივარსა და თამარ მიქელაძეს სამი შვილი ჰყავდათ: გოგონა და ორი ვაჟი. ლევან ხოტივარი დამდგმელი რეჟისორია ისეთი ცნობილი ფილმებისა, როგორიცაა ''მხიარული რომანი'', ''ჭრიჭინა'', ''უდიპლომო სასიძო'', ''განაჩენი'' და სხვა. მასვე ეკუთვნის რამდენიმე ფილმის სცენარი და ასევე 10-ზე მეტ ფილმშია გადაღებული. თამარ მიქელაძე კი თბილისში ცნობილი გინეკოლოგი გახლდათ.
1968 წლის გაზაფხულზე ქართლოსმა თავის უმცროს ძმას მოსკოვში დაურეკა. იმხანად ბუბა ''ვგიკის'' კინოსარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტი იყო. უფროსმა ძმამ გახარებულმა აუწყა, რომ ფილმის გადაღება დაამთავრა და მალე მონტაჟის პროცესს იწყებდა. ფილმ ''სერენადას'' გულისხმობდა, რომელიც რეზო გაბრიაძისა და ქართლოს ხოტივარის სცენარის მიხედვით დაიდგა. თავად რეჟისორი ნამუშევრით ძალიან კმაყოფილი იყო და დადებითი შეფასებები მოისმინა მათგან, ვის აზრსაც დიდად აფასებდა. მოგვიანებით, ამ ფილმმა არაერთი ფესტივალი წარმატებით მოიარა და ჩვენს კინოისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოკლემეტრაჟიან სურათად მიიჩნევა.