ჩილეს სამხრეთ რეგიონში ვულკანი კალბუკო ამოიფრქვა. მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. "ბიბისის" ცნობით, აღნიშნული ვულკანი ბოლო 40 წელზე მეტია არ გააქტიურებულა. საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განგაშის წითელი დონე გამოაცხადა. 20 კილომეტრის რადიუსში მცხოვრები 1 500 ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. კალბუკოს ამოფრქვევის შედეგად ვულკანური ფერფლი რამდენიმე კილომეტრის სიმაღლეზე გავრცელდა.
ვულკანთან ახლოს მდებარე ქალაქი პუერტო-მონტი მთლიანად ვულკანური ფერფლითაა დაფარული. ფერფლის გავრცელებას ელოდებიან მეზობელ არგენტინაში, სასაზღვრო რეგიონთან მდებარე ქალაქ ბარილოჩეშიც. მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ. ვულკანი კალბუკო ბოლოს 1972 წელს ამოიფრქვა.