დღეს მწერალ გურამ ფანჯიკიძის დაბადების დღეა... როგორც შევიტყვეთ, ოჯახს ეროვნულ ბიბლიოთეკისთვის ჯერ მისი ფოტოარქივი არ გადაუცია, თუმცა ბიბლიოთეკას მუსიკოსმა ნანა გუჩვმაზაშვილი-ხურცილავამ საკუთარი არქივიდან მწერლის ერთი საინტერესო ფოტო მიაწოდა, რომელზეც თავად ქალბატონი ნანა და ბატონი გურამი არიან აღბეჭდილები. სურათი მეხიკოშია გადაღებული და უკვე საპატიო ადგილი დაიკავა ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ მატიანეში.
გურამ ფანჯიკიძე თბილისში 1933 წლის 22 აპრილს დაიბადა. დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. პარალელურად, იყო გაზეთის რედაქტორიც. ლიტერატურული მოღვაწეობა 50-იანი წლებში დაიწყო. პირველი მოთხრობები 1964 წელს გამოსცა, ხოლო პირველი რომანი – "მეშვიდე ცა" – ჟურნალ "ცისკარში" 1967 წელს გამოქვეყნდა და დიდი რეზონანსი გამოიწვია. ასევე დიდი გამოხმაურება ჰქონდა მწერლის მეორე როამანს – "თვალი პატიოსანი", შემდგომ კი რომანებს – "აქტიური მზის წელიწადი" (რომლისთვისაც შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა) და "სპირალი".
გურამ ფანჯიკიძეს აგრეთვე ეკუთვნის არაერთი პუბლიცისტური ნარკვევი, სამეცნიერო-პოპულარული სტატია და დოკუმენტური პროზის ნიმუში. სხვადასხვა პერიოდში გურამ ფანჯიკიძე რედაქტორობდა ლიტერატურულ გამოცემებს: ალმანახ "განთიადს", ჟურნალ "ცისკარს"; 1979 წლიდან გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" დირექტორი იყო. იყო მისივე ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმების – "ლევან ხიდაშელი", "თვალი პატიოსანი" და "სპირალი" – სცენარის ავტორი. გურამ ფანჯიკიძე მოულოდნელად 1997 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
მისი შვილები არიან საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ქალბატონები - ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი - მაია ფანჯიკიძე და ფსიქოლოგი - ნათია ფანჯიკიძე (თავდაცვის ყოფილი მინისტრის - ირაკლი ალასანიას მეუღლე). ლალი ფაცია