რუსი ბერი, რომელმაც თბილისს ძმათამკვლელი ომი უწინასწარმეტყველა - მამა ვიტალის ცხოვრება და სასწაულები

რუსი ბერი, რომელმაც თბილისს ძმათამკვლელი ომი უწინასწარმეტყველა - მამა ვიტალის ცხოვრება და სასწაულები

წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის ეზოში ერთი განსაკუთრებულად მოვლილი, ყვავილებით გამშვენებული საფლავია. აქ სანთლები ხშირად გვიან ღამითაც ანთია. სქიმარქიმანდრიტ ვიტალი სიდორენკოს, ანუ მამა ვიტალის საფლავთან მომლოცველების რიცხვმა ბოლო წლებში უფრო იმატა. მორწმუნეები მამა ვიტალის საკუთარ პრობლემებზე ზოგჯერ ცრემლებითაც ეჩურჩულებიან. მათ იმედი აქვთ, რომ რწმენით მისულებს მამა ვიტალი შეეწევა.

მონაზონთა გადმოცემით, მამა ვიტალის უთქვამს, რომ მის საფლავთან მორწმუნეებს მათ გასაჭირის შესახებ მოეთხროთ და როგორც ცოცხალი, დაეხმარებოდა.

მამა ვიტალის საფლავზე მისულ რამდენიმე მომლოცველს გავესაუბრეთ.

ანა წამალაშვილი - "უშვილობის მხრივ ოცნებები ამიხდინა. ჩემზე არ განმიცდია, მაგრამ მილოცია და ეს სურვილი ამიხდა".

ლიზა შაბუნინა - "სურვილი ავადმყოფზე ჩავიფიქრე. ღვთის წყალობით, ახლა კარგად არის".

მარინე გაგნიძე - "ჩემი და არის უძლურებაში. სულ მომაქვს-ხოლმე სურათი და მამა ვიტალის შევთხოვ. ღვთის წყალობით უკეთესი ანალიზები აქვს. ქიმიას იკეთებს".

მამა ვიტალი კრასნოდარის მხარეში 1928 წელს ღარიბ ოჯახში დაიბადა. ღვთისადმი სიყვარულს ყრმობიდან ამჟღავნებდა. 16 წლის იყო, როდესაც საბჭოთა პასპორტი დახია. 20 წლის ასაკში კი გლინის უდაბნოში მორჩილი გახდა, სადაც 1961 წლამდე მოღვაწეობდა. მოგვიანებით იგი ბერად აღიკვეცა და აფხაზეთის მთებში გაამგზავრეს. 1969 წ. სსრ კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის აგენტებმა ბერთა ადგილსამყოფელი აღმოაჩინეს და ისინი დააპატიმრეს. დაპატიმრებას გადაურჩა მამა ვიტალი, რადგან იმ დროს სხვაგან იმყოფებოდა. შემდგომ მოძღვრის კურთხევით, მამა ვიტალი მსახურებისთვის თბილისში, წმ. ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში, გადავიდა.

დიდუბის დასახლებაში არის ერთი პატარა, რუსული ტიპის სახლი, სადაც მამა ვიტალი 1969 წლიდან რამდენიმე წელი ცხოვრობდა. დღეს იქ მისი სავანეა. ერთ-ერთ ოთახში ბერის პირადი ნივთები, სიწმინდეები და ხატები ინახება. იქვეა მისი სამოსი, რომელზეც ბერული ცხოვრების კვალი ჩანს. შემონახულია ასევე მამა ვიტალის ცოცხალთა და მიცვალებულთა მოსახსენიებელი, რომელშიც 1000-ზე მეტი სახელი მისი ხელით არის ჩაწერილი. მიცვალებულთა მოსახსენიებელი 4-5 საუკუნის ქართველ მეფეთა სახელებით იწყება. სავანეში გვითხრეს, რომ იმ პერიოდში ბევრმა ქართველმა არ იცოდა ქართველ მეფეთა სახელები და მამა ვიტალი კი მათ იხსენიებდა.

სავანეში ამჟამად ორი მონაზონი ცხოვრობს. სქემმონაზონი ირინე უკვე მე-11 წელია სავანეში ატენისა და გორის მიტროპოლიტის ანდრია გვაზავას კურთხევით იმყოფება. იგი ამბობს, რომ მამა ვიტალი სავანის მკვიდრთა დიდი შემწეა და მას პირადად არაერთხელ უგრძვნია ეს.

დედა ირინემ ჩვენთან საუბრისას 2005 წლის აღდგომას მომხდარი უცნაური ფაქტიც გაიხსენა, რომელიც მათთან წმინდა ცეცხლის მიბრძანებას უკავშირდება.

"აღდგომა იყო. დედა სერაფიმამ გვითხრა, რომ ჯერ მასთან მიბრძანდებოდა ღვთაებრივი ცეცხლი და შემდეგ ჩვენთან გადმოაბრძანებდნენ. ამ პერიოდში სავანეში სამნი ვიმყოფებოდით. მოვამზადეთ პატარა ტკბილი სუფრა და სააღდგომო გალობებით ვცდილობდით, რომ შევხვედრილიყავით იერუსალიმის ცეცხლს. ჩვენდა გასაოცრად, ჭიშკრის ხმა ყველამ გავიგეთ, კარები გაიღო და რამდენიმე ადამიანის ფეხის ხმა გაისმა. თითქოს, ერთი ჯოხითაც მოდიოდა. კვერთხს რომ დაარტყამს და გაივლის, ასეთი ფორმით. ვისაც ჩვენთან ცეცხლი უნდა მოებრძანებინა, იქედან ერთ-ერთი ჯოხით დადიოდა. ვიფიქრეთ, რომ ცეცხლი მობრძანდა და ეს ადამიანიც მოვიდა, რომელიც ჯოხით დადის. მოხდა სასწაული. კარები ღია იყო და ეზოში არავინ არ იყო. არადა გავიგეთ, როგორ მოაბიჯებდნენ მონასტერში რამდენიმე ადამიანი. ამ ფაქტიდან დაახლოებით ნახევარ საათში მობრძანდა იერუსალიმის ცეცხლი. ამის შემდეგ რომ დავრეკეთ დედა სერაფიმასთან და მოვუყევით ეს შემთხვევა, მან გვითხრა, ნუთუ არ იცოდით, რომ ვიდრე თქვენ შეხვდებოდით იერუსალიმის ღვთაებრივ ცეცხლს, მანამდე მანდ მოღვაწე დედები და მამები შეხვდებოდნენ ღვთაებრივ ცეცხლს. ისინი ამ ცეცხლის შესახვედრად შეიკრიბნენო", - განაცხადა დედა ირინემ.

მამა ვიტალი 1992 წელს 5 დეკემბერს აღესრულა. გარდაცვლილ სქემარქიმანდრიტს წესი თავად პატრიარქმა აუგო. შემორჩენილია უნიკალური კადრები, წესის აგების დროს როგორ შლის და ხურავს ცერა თითს მიტევების წერილის დასაჭერად მამა ვიტალი.

"ეს იყო წმიდა ბერი, მე არაერთხელ მინახავს ეს სიწმიდე, რომელსაც იგი თავის გარშემო აფრქვევდა. დღეს, ძმანო და დანო, ჩვენ ვაცილებთ მას, მაგრამ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ მამა ვიტალი მარადჟამს ჩვენთანაა და იმისათვის, რომ ყველას ყოველდღიურად გვქონდეს სულიერი ნუგეში, გადავწყვიტეთ, იგი წმიდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში დავკრძალოთ. ეს ყველას მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ხშირად მივიდეთ მასთან, მივიღოთ მისი კურთხევა. ისევე, როგორც სიცოცხლეში, იგი ყოველთვის დაგვეხმარება ჩვენ. უფალმა დააწესოს მისი სული მართალთა სანახებში. უნდა გვახსოვდეს, რომ ის ერთ-ერთია იმ ბერთაგან, რომლებიც განსაცდელის მძიმე ჟამს სიყვარულით მიიღო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრმა ღვთივკურთხეულმა ივერიამ...", - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მამა ვიტალის წესის აგების დროს წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძარში.

ამბობენ, რომ ბერმა 30 წლით ადრე იწინასწარმეტყველა თბილისში ძმათამკვლელი, ასევე აფხაზეთის ომები. სიკვდილის წინ მამა ვიტალი მის სულიერ შვილებს მოუწოდებდა, არ დაეტოვებინათ საქართველო.

იხილეთ სიუჟეტი

ეკა ბახუტაშვილი

AMBEBI.GE

აჭარაში სტაციონარში კორონავირუსით ინფიცირებული 494 პაციენტი მკურნალობს - მათგან 41 მოზარდი და 15 ორსული

193 აჭარაში, თბილისში კი 43 - როგორ ნაწილდება კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით

საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა