ზურა გორგაძე ფართო მაყურებელმა''ცეკვავენ ვარსკვლავებიდან'' გაიცნო. მსახიობის მეწყვილე სალომე ჭაჭუა იყო და მისგან ბევრს მოითხოვდნენ, თუმცა სალომესთან ერთად ცეკვა, მისი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, ადვილი არავისთვისაა, მით უფრო დილეტანტი მოცეკვავისთვის.
- ისე გამოვიდა, რომ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' ჩემ გარშემო სკანდალები ერთი-მეორეს ცვლიდა. ჩემს ახლობლებს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ არ ვარ სკანდალური ადამიანი. არც ის ადამიანები მომწონს, რომლებიც ცდილობენ, პოპულარობა სკანდალებით მოიპოვონ. ამ შემთხვევაში კი ისე მოხდა, რომ რაც მეზარება, სწორედ ის მომეძალა. ჩემი ტურიდან ტურში გადასვლა სკანდალებით იყო მოცული. ცხოვრების განმავლობაში, რა ნერვებიც უნდა მყოფნოდა, იმის 30% ამ პროექტში დავტოვე.
- რას საქმიანობ?
- ვაგრძელებ მუშაობას''რუსთავი 2''-ში, რადიოში, ხმის ჩამწერ სტუდიაში და სხვადასხვა სარეკლამო სააგენტოში. სულ ცოტა ხანში მაყურებელმა შეიძლება, ახალ გადაცემაშიც მიხილოს. მოკლედ რომ ვთქვა, ძალიან დაკავებული ვარ.
- სალომესა და გიორგისთან აგრძელებ ძველებურად ურთიერთობას?
- რა თქმა უნდა. იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან დაძაბული და დატვირთული გრაფიკი მაქვს, მეგობრების სანახავად მცირე დრო მრჩება.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ეს წყვილი შერიგდეს. მათი მეჯვარე ხარ და ალბათ, ზუსტად იცი, რა ხდება მათ შორის.
- ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც მათი დაშორების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ჟურნალისტებს უნდოდათ ჩემგან კომენტარის აღება, მაგრამ რაიმეს თქმისგან ყოველთვის თავს ვიკავებდი. არ მგონია, ორი ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა საჭირო იყოს.
გიორგისა და სალომეზე გაგებული კარგი ამბები ისე გამახარებს, რომ ჩემზე ბედნიერი კაციშვილი არ იქნება დედამიწის ზურგზე. მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მთელი ცხოვრება ერთად იქნებიან.
შენი პირადი ცხოვრების გეგმები როგორია?
- ძალიან მალე მოვიყვან ცოლს. ჩემი რჩეული ყველასთვის ცნობილი ადამიანია, თუმცა მის ვინაობას ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვებ.
- ჟურნალისტია?
- მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ''რუსთავი 2''-ის ტელეწამყვანია.