20 მარტს ერაყში ჯიჰადისტებმა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ერთი ძეგლი ააფეთქეს. ქალაქ მოსულიდან 15 კილომეტრში IV საუკუნის ქრისტიანულ ეკლესიაში ასაფეთქებელი ნივთიერებები შეიტანეს და მისი აფეთქება ადგილობრივ ქრისტიანებს იძულებით აყურებინეს. ვინც უარი თქვა (9 კაცი), იქვე მოაჭრეს თავი. ლეგენდის მიხედვით, ეს ეკლესია მეფემ ააშენა საკუთარი შვილების მკვლელობის მოსანანიებლად (ისინი მხოლოდ იმიტომ დახოცა, რომ გაიგო, ქრისტიანები იყვნენ).
აღდგომა დღეს სირიაში ჯიჰადისტებმა ასირიელების დასახლებაში ჯერ ეკლესია ააფეთქეს, შემდეგ კი მთელი სოფელი ამოწყვიტეს.
ეს მეხუთე ეკლესიაა მდინარე ჰადურის აუზში, რომელიც ჯიჰადისტებმა გაანადგურეს.
ქრისტიანების დევნა სირიაში მებრძოლ ქართველებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. 2013 წლის ბოლოს "წითურმა გენერალმა" თარხან ბათირაშვილმა რუსლან მაჩალიკაშვილს (სეიფულაჰ ალ შიშანი) ბრალი დასდო, ადგილობრივ ქრისტიანებს განსაკუთრებული სისასტი
კით ხოცავსო. მაჩალიკაშვილმა კი უპასუხა, - ბათირაშვილს გული იმიტომ აუჩუყდა, რომ თავად ქრისტიანიაო. დაპირისპირება დიდხანს გრძელდებოდა. ბოლოს, ბათირაშვილმა იმარჯვა და შარიათის სასამართლომ მაჩალიკაშვილი გაამტყუნა... მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სირიაში საბრძოლველად პანკისელებიც მიდიან, საზოგადოებაში ჩნდება კითხვა, მონაწილეობენ თუ არა "ჯიჰადისტი" საქართველოს მოქალაქეები ქრისტიანების დევნაში. სირიაში ნამყოფი მეომრები პირად საუბრებში აცხადებდნენ, რომ ქართველები მსგავს საქმეებს თავს არიდებდნენ, რაც არაერთხელ გამხდარა მოქიშპეებისგან მათი გაქილიკების მიზეზი.
ამჟამად "ისლამური სახელმწიფოს" მეომრებს მძევლად 300 ასირიელი ქრისტიანი ჰყავთ და არავინ იცის, რა ელოდება მათ.
სირიაში პანკისიდან არასრულწლოვნებიც გაჰყავთ
2011 წელს, სირიაში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ, ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი "ჯიჰადისტების" რიგებში საქართველოს მოქალაქეებიც გამოჩნდნენ. პანკისის ხეობიდან სირიაში ახალგაზრდების წასვლის შესახებ საზოგადოებისთვის 2012 წლის აგვისტოში გახდა ცნობილი.
2014 წლის სექტემბერში - მას შემდეგ, რაც "ისლამურმა“სახელმწიფომ" სირია-ერაყის ტერიტორიაზე სახელმწიფოს შექმნა გამოაცხადა - პანკისის ხეობაში ახალგაზრდების რეკრუტირებამ ორგანიზებული ხასიათი მიიღო. ჩეჩნურ წყაროებზე დაყრდნობით, პანკისის ხეობაში თითო ახალგაზრდის რეკრუტირებაში საუდის არაბეთის ფონდები 1.000 დოლარს იხდიან, ქალაქ კობანის ბრძოლების დროს კი - 2.000 დოლარს იხდიდნენ. არაოფიციალური ინფორმაციით, ამჟამად სირიის ტერიტორიაზე პანკისის ხეობიდან 200-მდე საქართველოს მოქალაქე იბრძვის. ოფიციალურად ცნობილია 10 გარდაცვლილის შესახებ. ბოლო დროს, ხეობიდან სირიაში არასრულწლოვნების გაყვანის შესახებაც გახდა ცნობილი.