როგორ სჯის სასამართლო პოლიციელს, რომელმაც ყოფილი ცოლი საჯაროდ მოკლა - "ჩემი შვილის მკვლელი ცხრასახიანი ადამიანია"

როგორ სჯის სასამართლო პოლიციელს, რომელმაც ყოფილი ცოლი საჯაროდ მოკლა - "ჩემი შვილის მკვლელი ცხრასახიანი ადამიანია"

19 წლის სალომე ჯორბენაძის მკვლელობისთვის ბრალდებულ სერგი საცერაძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გამოძიებით დადგინდა, რომ შსს-ს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა სერგი საცერაძემ, 2014 წლის 25 ივლისს, ქალაქ ზესტაფონში - ე.წ "ირინეს ბაღში", სამსახურებრივი საშტატო "იერიხოს" მოდელის იარაღიდან რამდენიმე გასროლით განზრახ მოკლა ყოფილი მეუღლე სალომე ჯორბენაძე.

ამ საქმეში საინტერესოა ის, რომ სალომე ჯორბენაძე მკვლელობის დღეს შსს-ს გენინსპექციაში იმყოფებოდა. მოქმედი პოლიციელისა და ყოფილი ქმრის ქმედებებთან დაკავშირებით მან სწორედ 2014 წლის 25 ივლისს მიმართა პოლიციას.

საქმის დეტალებსა და სასამართლოს გადაწყვეტილებაზე Ambebi.ge სალომე ჯორბენაძის ოჯახის ადვოკატს, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ბიუროს ხელმძღვანელს გიორგი სანტურიანს და სალომეს დედას, ფატი ჭელიშვილის ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, რა დაადგინა გამოძიებამ და სასამართლომ, რა მოხდა მკვლელობის დღეს "ირინეს ბაღში"?

- გამოძიებამ დაადგინა და სადავო არ იყო, რომ ხუთი გასროლა სერგი საცერაძის საშტატო-სამსახურებრივი იარაღიდან განხორციელდა. ამას თავადაც არ უარყოფდა. ერთადერთი გარემოება, რაც პროცესში სადავო იყო, იყო ის, რომ დაცვის მხარე ფიზიოლოგიურ აფექტზე მიუთითებდა. ბრალდების მხარე საპირისპიროს ამბობდა, რომ არანაირი აფექტი ამ შემთხვევაში არ იყო. ეს ყველაფერი წარმოშვა ერთ-ერთი ექსპერტის, ნანა ბრეგაძის დასკვნამ ფიზიოლოგიურ აფექტთან დაკავშირებით, როცა პირველი სტაციონალურ ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპეტრიზა ჩატარდა. ამ ექსპერტმა მიუთითა, რომ სერგი საცერაძე ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში იმყოფებოდა. შესაბამისად, თუკი ეს დადასტურდებოდა, საქმეს სხვა კვალიფიკაცია მიეცემოდა. ამის საპირისპიროდ, ბრალდების მხარემ ნარკოლოგიურ-ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაატარა, რომელმაც აჩვენა, რომ ფიზიოლოგიური აფექტი არ იყო. სასამართლო პროცესზე ყველა ექსპერტი დაიკითხა. სასამართლომ ბრალდების მიერ მეორე ექსპეტიზის დასკვნა გაიზიარა და არ გაიზირა ექსპერტ ნანა ბრეგაძის ჩვენება. შედეგად, სერგი საცერაძე დამნაშავედ სცნეს "სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) გათვალისწინებულ ქმედებაში.

- მკვლელობის მოტივაციასთან დაკავშირებით თავიდანვე სხვადასხვა ვერსიებზე იყო საუბარი. რა ჩვენება მისცა საცერაძემ და რა დაადგინა ძიებამ?

- ბრალის ფორმულირება დაახლოებით ასეთი იყო: გაიგო რა, რომ სალომე ჯორბენაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციაში, სერგი საცერაძესთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაცემად მიდიოდა, ამაზე განაწყენებულმა განიზრახა მკვლელობა.

- იყო თუ არა საქმის მასალებში წარმოდგენილი სალომეს მიერ გენერალურ ინსპექციაში მიცემული ჩვენება? რას წერდა სალომე? სავარაუდოდ, ხომ ეს იყო "ირინეს ბაღში" მათ შორის საუბრის თემა ...

- ამასთან დაკავშირებით სერგი საცერაძე ამბობდა, რომ აინტერესებდა, რა ინფორმაცია მიაწოდა სალომემ გენინსპექციას. მან იცოდა, რომ სალომე იმ დღეს ქუთაისში - გენინსპექციაში იყო ჩასული. სალომე მიუთითებდა მასზე განხორციელებულ ძალადობაზე – რომ ადგილი ჰქონდა მის სიტყვიერ შეურაცხყოფას და ასე შემდეგ.

- როგორ ფიქრობთ, სასამართლოს გადაწყვეტილება, საცერაძისთვის 11-წლიანი პატიმრობის შეფარდების თაობაზე, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ადეკვატურია?

- მიგვაჩნია, რომ 11-წლიანი პატიმრობა ადეკვატური სასჯელი არ არის, რადგან ჩადენილი ქმედება თავისი შინაარსით დამამძიმებელ გარემოებას შეიცავდა – ეს იყო ოჯახური დანაშაული. შესაბამისად, ამას უფრო მკაცრი სანქცია უნდა მოჰყოლოდა – სანქციის ზღვარი 7-დან 15-წლამდეა და 11 წელი ვფიქრობთ, ჩადენილი ქმედების პროპორციული არ არის.

სასამართლო გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა სალომე ჯორბენაძის დედა. ფატი ჭელიშვილისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ მიუსაჯეს საცერაძეს სანქციის მაქსიმალური ზომა და არ დაუმძიმეს ბრალი იმის გამო, რომ შვილი არა რიგითმა მოქალაქემ, არამედ პოლიციის მოქმედმა თანამშრომელმა მოუკლა. სალომეს დედა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აპელაციას ითხოვს.

ფატი ჭელიშვილი:

- გამოძიების მხრიდან არ მოხდა იმ გარემოების გათვალისწინება, რომ ჩემი შვილი მოკლულია პოლიცილის ხელით, პოლიციის იარაღით, სახელმწიფოს კუთვნილი იარაღით. გადაცემა "პროფილში" მიწვეული იყო ქალბატონი, რომელსაც შვილი რიგითმა მოქალაქემ მოუკლა და მასაც 11-წლიანი პატიმრობა მიესაჯა და ჩემი შვილის მკვლელსაც, რომელიც პოლიცილი იყო და აქეთ იყო ვალდებული მოქალაქეთა სიცოცხლე დაეცვა. ასეთ დეტალებზე საუბარი არ ყოფილა. ჩემთვის სასამართლოს გადაწყვეტილება მიუღებელია. სასამართლო პროცესზე სერგი საცერაძის ადვოკატებმა ისიც კი განაცხადეს, რომ 6 სექტემბრამდე ყველაფერი წესრიგში იყო და 6 სექტემბრის შემდეგ რა მოხდაო? 2 სექტემბერს ჩემს შვილს ორმოცი გადავუხადე და შემდეგ გავეცანი ყველაფერს. ეჭვი მაქვს, რომ მათ 6 სექტემბრამდე ყველაფერი ისე ჰქონდათ დაწყობილი, როგორც თავად აინტერესებდათ. საუბარი იყო აფექტზე და ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ექსპერტის დასკვნაზე.

მე წერილობით პარლამენტის წევრ მანანა კობახიძეს მივმართე. მამართვა გაიგზავნა გენერალურ პროკურატურაში. ამის შემდეგ მოხდა კომპლექსური შემოწმება, რის შედეგადაც დაადგინეს, რომ აფექტი არ იყო. სასამართლოს არ უმსჯელია და საქმე არ განუხილავს იმ კუთხით, რომ მკვლელობა ჩაიდინა სახელმწიფო მოხელემ – პოლიციის თანამშრომელმა.

ბოლო სიტყვაში ჩემი შვილის მკვლელმა აღნიშნა, რომ თუ მაქსიმუმს მიუსჯიდნენ, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა დამძიმდება. დამცინავი იყო მისგან ბოდიშის მოხდა, რომელმაც არაფრის გამო 19 წლის შვილი მომიკლა და საკუთარ შვილს დედა მოუკლა. მიუღებელი იყო განაჩენის გამოცხადების ბოლოს მოსამართლისგან იმის მოსმენა, როცა მკვლელს უთხრა, რომ მას შეწყალების მოთხოვნის უფლება აქვს. ნამდვილად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ამ პოროვნებას არანაირი შეწყალება არ შეეხოს და სასჯელი ბოლომდე მოიხადოს. ჩემი შვილის მკვლელი ცხრასახიანი ადამიანია, რომელსაც შეუძლია ცხრაჯერ შეიცვალოს სახე და ადამიანს ძალიან ადვილად შეაცოდოს თავი. მან სასამართლოზე ისიც თქვა, რომ თურმე გარეთ შვილი და ოჯახი ელოდება და სასამართლოს სთხოვა, მისთვის სასჯელის მაქსიმუმი არ მიესაჯა.

- იყო თუ არა საქმეში წარმოდგენილი სალომეს მიერ მკვლელობის დღეს გენერალური ინსპექციისთვის მიცემული ჩვენება? თუ იცით, რა ჩვენება მისცა სალომემ?

- როგორც ვიცი, საქმეში ეს წარმოდგენილი იყო, მაგრამ სასამართლო პროცესზე მისი განხილვა არ მომხდარა. სასამართლოზე არავის დაუსვამს კითხვა, თუ რაზე ილაპარაკეს სერგი საცერაძემ და სალომემ, არ დასმულა კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ სალომე 25 ივლისს გენინსპექციაში იმყოფებოდა და იქ მისცა ჩვენება. სერგი საცერაძე და სალომე ხომ ამასთან დაკავშირებით შეხვდნენ ერთმანეთს... ჩემი შვილის მკვლელი კი მოტივირებული იყო იმაზე ესაუბრა, რომ სალომემ მას შეურაცხყოფა მიაყენა და ამის გამო აფექტურ მდგომარეობაში ჩავარდა. მე, ჩემს ადვოკატთან ერთად, მივმართავ პროკურატურას, რომ არ ვეთანხმებით სასამართლოს გადაწყვეტილებას და მოხდეს საქმეს აპელაცია. ამასთან, კიდევ ერთი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს თბილისში – ეს 2013 წლის შემთხვევას ეხება, როცა სერგი საცერაძემ სალომეს ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა, სალომემ ამაზე პოლიციას მიმართა, რასაც სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია და იმავე დღეს სალომემ მიმართა პროკურატურასაც... ამ ყველაფერთან დაკავშირებით სალომეს საქმე იგზავნება სტრასბურგის სასამართლოშიც.

ყოფილი მეუღლის მიერ მოკლული სალომე ჯორბენაძის საქმეზე ევროპულ სასამართლოს "ახალგაზრდა იურისტთა ასიციაციამ" მიმართა. საიას ინფორმაციით, სალომე ჯორბენაძის და სერგი საცერაძის ურთიერთობა ძალადობით დაიწყო - 2011 წელს 17 წლის სალომე სერგი საცერაძემ იარაღის მუქარით მოიტაცა. ზესტაფონის პოლიციამ ბავშვის მოძებნაში სალომეს მშობლებს დახმარება არ გაუწია და სალომე სერგი საცერაძის ცოლი გახდა. ქორწინების განმავლობაში, ასევე დაშორების შემდეგ, სერგი სალომეზე სისტემატურად ახორციელებდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას და იარაღით ემუქრებოდა. კონფლიქტების მიზეზი ბავშვისთვის ალიმენტის გადახდა და ეჭვიანობა იყო.

ორგანიზაციის მონაცემებით, მკვლელობამდე სალომემ მიმართა ზესტაფონის პოლიციას, პროკურატურას და შსს-ს გენერალურ ინსპექციას და მოძალადისგან დაცვა მოითხოვა. მიუხედავად ამისა, მოძალადის შესაჩერებლად კანონით გათვალისწინებული არც ერთი ზომა არ გატარდა. პოლიციის და პროკურატურის რეაგირება სალომეს მიმართ იყო დისკრიმინაციული, გენდერული ნიშნით. პოლიციამ არ შეაფასა სალომეზე ძალადობის სიმწვავე, არ ასახა ძალადობის ფაქტები ოქმში, არ მიიღო ზომები შემდგომი ძალადობის თავიდან ასაცილებლად და სალომეს მიმართვებს შეურაცხმყოფელი და სქესთან დაკავშირებული დამაკნინებელი კომენტარებით პასუხობდა. სამართალდამცავები სერგი საცერაძის თანამშრომლები და ახლო ნაცნობები იყვნენ. პროკურატურამ, კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე გამოძიება არ დაიწყო და ქალის მიმართ ძალადობა საკმარისად სერიოზულ დანაშაულად სისხლისსამართლებრივი დევნისთვის არ მიიჩნია. შსს-ს გენერალური ინსპექციაც სრულებით არაეფექტური აღმოჩნდა, შეეჩერებინა სერგი საცერაძის ძალადობრივი ქცევა.

საიას საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა), მე-8 (პირადი ცხოვრების დაცულობა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლებს ეფუძნება. საქმე, წარმატებით დასრულების შემთხვევაში, პირველი პრეცედენტი იქნება, რომელსაც ევროპული სასამართლო ქალთა მიმართ ძალადობის საკითხზე საქართველოსთან მიმართებით განიხილავს.

სალომე ჯორბენაძეს და სერგი საცერაძეს 3 წლის შვილი დარჩათ.

სალომე ტყემალაძე

AMBEBI.GE

გუმათში, "ენკას" ბაზასთან დაპირისპირებაა

"კორონავირუსის მესამე ტალღა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე პირველი" - ხათუნა ზახაშვილი

"ელიტ ელექტრონიქსი“ "ჰოთსეილის“ პარტნიორი გახდა