მუსიკალურმა შოუმ "X ფაქტორი"გასულ კვირას დიდი ხმაურით აიღო სტარტი. მენტორებს შორის უთუოდ ერთ-ერთი გამორჩეული სახეა ანრი ჯოხაძე, თუმცა ჟიურის კონკურსანტების მისამართით გამოთქმული ზოგიერთი ხუმრობა არ მოუწონეს. მას მუსიკალური შოუს ჩაწერაზე შევხვდით. საუბრისას გიორგი ყიფშიძე და გიორგი გაბუნია ფოტოებს დიდი ჟრიამულით იღებდნენ, რასაც ანრიმ ჩვეული ფრაზით უპასუხა: "ღმერთები რომ ინტერვიუს აძლევენ, არ იცით, რომ უნდა გაჩუმდეთ?!."
- ადამიანი, რომელსაც არც კონკურსებზე უშვებდნენ და არც კონცერტებზე ეპატიჟებოდნენ, ახლა სხვებს აფასებს. როგორია ჟიურიში ყოფნა?
- (იღიმის) რა ვიცი, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და საპასუხისმგებლოა, ვიყო ამ მასშტაბის პროექტში მენტორი, ჟიურის წევრი. მინდა გავამართლო ფსონი, რაც ჩემზე არის დადებული, როგორც შოუმენსა და მენტორზე. რაც შეეხება სხვების შეფასებას, უნიჭოებთან ვარ ზუსტად ისეთივე არაადეკვატური, როგორიც მათი ნიჭია.
- ჰოდა, ამბობენ, მენტორები რატომ დასცინიან ხალხსო.
- ჩემი ფრაზები არ არის დაცინვა, ჩემს სათქმელს იუმორითა და სარკაზმით ვეუბნები ისეთ კონკურსანტებს, რომლებიც სცენაზე საშინელებას გადმოგვცემენ. თუ "აცხას"გულისხმობ წინა გადაცემიდან, საზოგადოებამ ნახა, რომ ამ გამომსვლელმა ვერაფერი შეძლო. რაც შეეხება ნიჭიერ ადამიანებს, ვფიქრობ, მათდამი დამოკიდებულებას განსაკუთრებით კარგად გამოვხატავ. ამას ყოველ ორშაბათს ნახავთ.
- წლების წინანდელი ანრი რომ გამოსულიყო ახლანდელი ანრის წინაშე, მიიღებდა მის კრიტიკას?
- რა თქმა უნდა, მივიღებდი. მაშინდელი ანრი ახლანდელ ანრის რომ შეხვედროდა, შეეცდებოდა, ძალიან მომზადებული ყოფილიყო. ჩემს დროს სად იყო ასეთი პროექტები. ჩემი თაობა, ფაქტობრივად, თვითგამორკვევით შედგა. ინტერნეტკაფეების ეპოქაში გავიზარდეთ. მუსიკალური ინფორმაცია დღეს ყველა ადამიანისთვის მისაწვდომია. ჩემს დროს ასეთი დიდი შანსებიც არ იყო გამოსაჩენად და ამაზე ფიქრი ყველაზე თამამ ოცნებაშიც არ არსებობდა. ასე რომ, მე რომ კონკურსანტად მოვსულიყავი, მივიღებდი შენიშვნებს, მაშინაც კარგი იუმორი მქონდა და ხუმრობაშიც ავყვებოდი, მეც ვეტყოდი ერთი-ორ რამეს.
- მაშინდელ ანრის რას გაუკრიტიკებდი? მაგალითად, "იუმორესკა"რომ შეესრულებინა?
- "იუმორესკას"შემთხვევაში - ვერაფერს. წამოვდგებოდი ფეხზე და ტაშს დავუკრავდი. თუ შემეპასუხებოდა, ვეტყოდი, რომ თავშეკავება არ აწყენდა. მე ნაადრევად ავუშვი აფრები. ეს იმის ბრალი იყო, რომ სულ ვიცოდი, დღეს რა ანრი ვიქნებოდი, თავისუფალი და შემდგარი ადამიანი. ცოტა ნაადრევად მომივიდა სიმართლის თქმა, ამან ბევრ რამეში უკან დამწია და ბევრი მტერი შემძინა, თუმცა მათგან დღეს ზოგი აღარც არსებობს დედამიწის ზურგზე, ზოგი კი ჩემი მეგობარი გახდა.
- მაგალითად, ვინ?
- მტერს ნამდვილად ვერ დავარქმევ, მაგრამ მეუბნებოდნენ, რომ ძალიან არ ვევასებოდი თემურ თათარაშვილს. ერთმანეთს არც ვიცნობდით, მაგრამ შორიდან არ მოვწონდი. წლების მერე დავმეგობრდით, თბილი ურთიერთობა გვაქვს და ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ. ალბათ, არ მოვწონდი ჩემი იმიჯის გამო, რომ დავათხლეშავდი რაღაც "რეჩებს".
გაგრძელება