ჩვენი გრძნობები, აზრები, სურვილები, შეგრძნებები და მოქმედებები - ყველაფერი ტვინს ემორჩილება. თუ დიდხანს გვინდა, რომ ეს "ცოცხალი კომპიუტერი" დიდხანს გვემსახუროს და ცხოვრების საუკეთესო მომენტებით ტკბობის საშუალება მოგვცეს, ჩვენც უნდა გავუფრთხილდეთ მას. ამისათვის კი აუცილებლად დაგჭირდებათ იმ ფაქტორების ცოდნა, რომლებიც ტვინს სრულყოფილად მუშაობაში ხელს უშლიან.
ძილის ნაკლებობა
ტვინში მიმდინარე პროცესების ატიურად წარმართვა ძილზე ბევრადაა დამოკიდებული. ძილის რეჟიმის რეგულარული უნდა იყოს და დღე-ღამეში 7-8 საათი უნდა ეთმობოდეს. უძილობა ისე მოქმედებს ორგანიზმზე, როგორც ალკოჰოლი - აქვეითებს სიფხიზლეს, რის გამოც მოსალოდნელია ავარიები, ტრავმები და უბედური შემთხვევები. ხშირად უძილობა ნივთიერებათა ცვლაზე უარყოფით გავლენას ახდენს და შედეგად წონის მატებას ვიღებთ. "იმდენსაც არ ვჭამ, რომ ამსისქე ვიყო" - ახლა უკვე გეცოდინებათ რისი ბრალია ეს.
სტრესი
სტრესი აქვეითებს მეხსიერებას, მითუმეტეს ახლო წარსულში (გუშინ ერთი კვირის წინ, წეღან...) სტრესში მყოფი ადამიანი ისეთი საკვებისკენ მიილტვის, რომელიც ასუქებს და მავნებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. სტრესი ასევე ცუდ არჩევანს გაგაკეთებინებთ კარგსა და ცუდს შორის, სტრესს მიჰყავხართ დეპრესიისკენ. დეპრესიაში მყოფი ადამიანები კი საღად ვერ აზროვნებენ, ყველაფერს მუქ ტონებში ხედავენ და არ შეუძლიათ ყურადღების მობილიზება.
ქრონიკული ტკივილი
მუდმივი ფიზიკური ტკივილი ან სისუსტე ორგანიზმს სასიცოცხლო ძალებს აცლის. ასეთ მდგომარეობაში ადამიანი კი არ ცხოვრობს, არსებობს. ტვინი სრული ძალებით ვერ მუშაობს.
გაუწყლოება
მეცნიერებმა არაერთხელ დაადასტურეს, რომ გაუწყლოება მეხსიერებას აქვეითებს, ადამიანი დუნდება და პასიური ხდება. ვინც ცოტა წყალს სვამს, თავის ტკივლსაც ხშირად უჩივის.
კოფეინი
დეპრესანტი, რომელიც ტვინზე უარყოფითად მოქმედებს. ეს სტიმულატორია, რომელიც ტვინის ხელოვნურ აღგზნებას იწვევს. მაგრამ არსებობს ფიზიოლოგიის კანონი: ყველაფერი, რაც ხელოვნურად აღაგზნებს, მერე აუცილებლად გამოიწვევს ძლიერ შეკავებას. როცა სტიმულაციის ეფექტი გაივლის, დაგრჩებათ დაძაბულობა და თავის ტკივილი.
ურეჟიმო ცხოვრება
მოუწესრიგებელი ცხოვრება ძალიან ნეგატიურად აისახება ტვინის მუშაობაზე. ჩვენი სხეული ციკლების მიხედვით მუშაობს. სხეულის ტემპერატურას, არტერიულ წნევას და ჰორმონალურ ფონს დღეღამის განმავლობაში თავისი ციკლი გააჩნია. ჩვენ რითმზე აწყობილი არსებები ვართ, ამიტომ ისინი, ვინც რეჟიმში ცხოვრობენ, უკეთესი ჯანმრთელობით გამოირჩევიან. ურეჟიმოდ თქვენი სხეული ისეთ მდგომარეობაშია, როგორც აკლიმატიზაციის დროს. ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, გულმავიწყობა, დაძაბულობა და კუჭ-ნაწლავის პრობლემები. ეს ემუქრებათ ადამიანებს, რომლებსაც დღე და ღამე არეული აქვთ, ჭამათა შორის ინტერვალები - დაუცველი. ძილი - მოუწესრიგებელი.
ზედმეტი ჭამა
ნეიროპეპტიდები, რომლებიც ტვინის მუშაობაში აქტიურად არიან ჩართულნი, საჭმლის მონელებაშიც მონაწილეობენ. ამიტომ კვებისთანავე სამუშაოს ან სამეცადინოს ნუ ჩაუჯდებით. ამ დროს ტვინის ნაწილი საჭმლის მონელებითაა დაკავებული და თქვენი გონებრივი შრომისთვის სრულად "ვერ მოიცლის".
ალკოჰოლი და ნარკოტიკები
ამ ქვეთავში ყველაზე მეტი რამის დაწერა შეიძლება, თუმცა ალბათ საჭიროც არ არის. ეს ორი ნივთიერება პირდაპირ აგრესიულ შეტევას ახორციელებს ტვინის უჯრედებზე. არ გირჩევთ ნომერ პირველი ორგანოს ასე გამეტებას.