"ასირიელი ქრისტიანი ბავშვის ჟლეტა და კენიის ქალაქ გარისას უნივერსიტეტში ისლამის სახელით "ალ-შაბაბის" ტერორისტების მიერ ქრისტიანი სტუდენტების დახოცვა, ეს ამ პლანეტაზე სიკეთის დასასრულია."
სირიასა და ერაყში "ისლამური სახელმწიფოსა" და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების მიერ ქრისტიანების დახოცვის ამსახველი ფოტო და ვიდეოკადრები უკანასკნელი დღეების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია, პოეტი დავთ დეფი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ საკითხს მწვავედ გამოეხმაურა:
- შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ერთადერთია სასწრაფოდ, ახლავე, ამ წამსვე მსოფლიოს ლიდერების შეკავშირება და იმ სასაკლაოდან ბავშვების გამოყვანა. ასირიელი ქრისტიანი ბავშვის ჟლეტა და კენიის ქალაქ გარისას უნივერსიტეტში ისლამის სახელით "ალ-შაბაბის" ტერორისტების მიერ ქრისტიანი სტუდენტების დახოცვა, ეს ამ პლანეტაზე სიკეთის დასარულია. "შარლი ებდოს" შემთხვევაში ყველას გვეგონა, რომ მსოფლიო შეკავშირდა, სამწუხაროდ, ასე არ აღმოჩნდა.
- საქართველოს ამ საქმეში რა როლის შესრულება შეუძლია?
- თუნდაც იმის, რომ ბავშვები შევიფაროთ! სასწრაფოდ, ახლავე, ეს ყველაფერი სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს. მსოფლიო სიყალბით გაივსო. ახლა ამ საშინელ კადრებს ყველა უყურებს, თუმცა ცხოვრება მაინც მშვიდად გრძელდება, თითქოს არაფერი ხდება... სირცხვილი მსოფლიოს, ბავშვებისა და სტუდენტების გაჟლეტაზე ასეთი ყალბი და ამაზრზენი დუმილისთვის! სირცხვილი მთელ მსოფლიოს ასე დაცემისთვის... ასე დაცემა დანაშაულია.