არაბეთის ნახევარკუნძულზე მოქმედმა "ალ-ქაიდას" მებრძოლებმა იემენის სამხრეთ რეგიონში ერთ-ერთი აეროპორტი დაიკავეს. "ბიბისის" ცნობით, მებრძოლებმა ასევე კონტროლი დაამყარეს ერთ-ერთ პორტსა და ნავთობტერმინალზე. ჰადრამავთის პროვინციის საპორტო ქალაქ მუკალადან კი სამთავრობო ჯარები გაიქცნენ. პარალელურად, შიიტმა ჰუსიტებმა იემენის რამდენიმე რეგიონზე დაამყარეს კონტროლი.
ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო პრეზიდენტი, აბდ რაბუჰ მანსურ ჰადი გაიქცა. იემენის არმიას აჯანყებულების წინააღმდეგ ბრძოლაში საუდის არაბეთი ეხმარება. გარდა ამისა, მოქმედ მთავრობას აშშ-ი უჭერს მხარს. ჰუსიტებს კი ირანის მხარდაჭერა აქვთ, გარდა ამისა, ისინი ყოფილი პრეზიდენტის, ალი აბდულა სალეჰის მოკავშირეები არიან. მათ მიზანს მოქმედი პრეზიდენტის გადადგომა და მთავრობის სათავეში მოსვლა წარმოადგენს. ამ ორი ძალის გარდა ქვეყანაში აქტიურდება "ალ-ქაიდას" არაბეთის ნახევარკუნძულის განშტოება, რომელიც როგორც ჰუსიტებს, ასევე პრეზიდენტ ჰადის წინააღმდეგ იბრძვის.