კოტე თოლორდავას გარდაცვალებამ გული ყველას ატკინა. მომღერლები, მსახიობები და გულშემატკივრები მსახიობის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.
კოტე თოლორდავა გულახდილი, იუმორით სავსე, კარგი მეუღლე, მამა და საინტერესო ადამიანი იყო. ყველას აქვს რაღაც კარგად გასახსენებელი მის შესახებ, ვისაც ერთხელ მაინც შეხვედრია ცხოვრებაში.
დიდი გეგმები ჰქონდა, ბევრს შრომობდა, სახლის ყიდვა უნდოდა, მაგრამ...
ქართველი მომღერლების ნაწილმა მსახიობის ხსოვნას სიმღერა "What a wonderful world" მიუძღვნა, რომელსაც კოტე ნინი ბადურაშვილთან ერთად პროექტში "ორი ვარსკვლავი" ასრულებდა. მუსიკალური ნამუშევრის შექმნის იდეა ნინი ბადურაშვილს და რუსა მორჩილაძეს ეკუთვნის. კლიპის შექმნა კი ანრი ჯოხაძემ გადაწყვიტა.
ნინი ბადურაშვილმა კოტე თოლორდავა პროექტ "ორ ვარსკვლავში" მონაწილეობის დროს გაიცნო.
- ნინი, როგორ გაჩნდა ამ სიმღერის ჩაწერის იდეა?
- ამ ტურზე მე და ეკას ისედაც უნდა გვემღერა, რადგან დისკო ტური იყო. როდესაც კოტეს გარდაცვალების შესახებ გავიგე, ვერ ვიმღერებდი. რუსა მორჩილაძეს ვუთხარი, არ შემიძლია ამის სიმღერა-თქო. როცა ვფიქრობდით, რა უნდა მემღერა, მოვიფიქრეთ, მე და კოტე რასაც ვმღეროდით, რომელიმე სიმღერას ვიმღერებთ-თქო. რუსამ შემომთავაზა, მარტო ნუ იმღერებ ამ სიმღერასო და სხვა ვარსკვლავებსაც დავუკავშირდით. ანრი ჯოხაძემ გვითხრა, სიმღერის ფონოგრამას და ყველაფერს მე ვუზრუნველვყოფო და კლიპიც ანრიმ გააკეთა.
- მეგობრობდი კოტესთან?
- არ ვმეგობრობდით, მე და კოტემ ერთმანეთი "ორ ვარსკვლავში" გავიცანით. ყოველდღიურად მიწევდა მასთან ურთიერთობა. სულ მესმოდა მისი წარმატებების შესახებ და ისიც ვიცოდი, მოსკოვში რომ გაემგზავრა გადაღებებზე. პროექტის განმავლობაშიც დატვირთული იყო, უხაროდა ძალიან. ვერ ვიჯერებ ბოლომდე, რომ აღარ არსებობს. გული მტკივა. მინდა მთელ ოჯახს მივუსამძიმრო, პირველ რიგში განოს. განო ჩემი ჯგუფელი იყო სამსახიობოზე, ვიცი მისთვის რა დიდი ტკივილია, განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდათ. ჩემს გარშემო ასეთი სიყვარული იშვიათია.
ანრი ჯოხაძე:
სიმღერის იდეა ნინი ბადურაშვილისგან და რუსა მორჩილაძესგან წამოვიდა. პირველი სეზონის მონაწილეებს დაგვიძახეს და გაჩნდა იდეა, ჩაგვეწერა სიმღერა, რომელიც ნინიმ და კოტემ იმღერეს პროექტში. კლიპის შექმნის იდეა მე გამიჩნდა. თავიდან ეს არც იყო ჩაფიქრებული. ვიფიქრეთ, საკონცერტო ვარიანტი საკმარისი იქნებოდა. როცა ვნახეთ გადაღებული მასალა, სერიოზული ხარვეზები იყო და იქვე გაჩნდა სინქრონის ჩაწერის და კოტეს კადრებით სიმღერის ჩაწერის იდეა. იქვე, კულისებში გავაკეთეთ ეს.
- მეგობრობდით კოტესთან?
- პოზიტიური ადამიანი იყო. რომ დამინახავდა, მიყურებდა და განოსთან ერთად იხეოდა ჩემს სისულელეებზე. "პალიტრა TV"-ს ეთერში ვიყავი სტუმრად მასთან და განოსთან, ბევრი ვიხალისეთ. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო.
თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE