სირიის ისლამური სახელმწიფოს ტერორისტული დაჯგუფება "ISIS"-ი სისტემატურად აქვეყნებს ქრისტიანი ასირიელების წამებისა და დახოცვის შემზარავ კადრებს. კადრებში ჩანს, თუ როგორ აწამებენ უმწეო ბავშვებს და როგორ ხოცავენ პატარებს.
რამდენად ჯდება ეს ისლამური რელიგიის დებულებებში და რა შეიძლება იყოს გამოსავალი, - ამაზე კომენტარი საქართველოს მუსლიმთა მუფტს, ბეგლარ ქამაშიძეს ვთხოვეთ:
- ისლამი ყოველგვარ მკვლელობას გმობს და იმით, რაც სირიაში ხდება, ისლამს არ უნდა მიადგეს ჩრდილი, რადგან ისლამი არ ქადაგებს მკვლელობას და ადამიანის შეურაცხყოფას. ისლამი არის ურთიერთსიყვარული.
- თუმცაღა ქრისტიანთა მკვლელობა სწორედ ისლამის სახელით ხდება...
- შესაძლოა, პიროვნებები აკეთებენ ამას იმიტომ, რომ ისლამს შეურაცხყოფა მიაყენენონ და ვინც ამას ისლამის სახელით აკეთებს, მათ ღმერთი აუცილებლად დასჯის. ერთ მაგალითს გეტყვით ჩვენი სარწმუნოებიდან: რაც არ უნდა ურწმუნო ყოფილიყო ადამიანი, შუამავალი მას წყევლითაც არ დაწყევლიდა, პირიქით, მასზე განსაკუთრებით ილოცებდა, რომ ჭეშმარიტების გზას დადგომოდა. აი, ესაა ნამვდილი ისლამი და აქედან გამომდინარე, ისლამი როგორ იქნება მკვლელი?!
- რატომ არ გმობენ ჭეშმარიტი მუსლიმები ამ ფაქტს?
- ჩვენ ელემენტარულად იმის საშუალება უნდა გვქონდეს, რომ რომელიმე გადაცემაში გამოვიდეთ და ჩვენ მრევლს და მთელ კაცობრიობას ერთხელ და სამუდამოდ დავუდასტუროთ, რომ ისლამი არ არის მკვლელი.
- ანუ თქვენ ამბობთ, რომ არ გაქვთ განცხადების გაკეთების საშუალება და იმიტომ ვერ ავრცელებთ თქვენს შეხედულებას?
- დიახ, ჩვენ უნდა მოგვეცეს საშუალება, რომ ჩვენი შეხედულება მივიტანოთ ხალხამდე და ვუთხრათ მოსახლეობას, რომ ისლამი გმობს ყოველგვარ ძალადობას და თუ ახლა ადამიანი საკუთარი აზრით მოქმედებს, ეს არ უნდა მიეწეროს ისლამს.
- შეგიძლიათ ჩვენი ინტერვიუ გამოიყენოთ განცხადების გასაკეთებლად.
- ის, რაც დღეს ხდება, ესაა ისლამოფობია. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ისლამი შეაძულონ სხვა აღმსარებლობის ადამიანებს.
- მუსულმანი სასულიერო პირები თუ მსჯელობთ ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე?
- რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ გვაქვს შეხვედრები. მაგალითად, 18 აპრილს ბათუმში იმართება კონფერენცია, სადაც ამ საკითხს შევეხებით. სამომავლოდ თუ ღმერთმა მომცა ძალა, მე კიდევ ვაპირებ დიდი კონფერენციის ჩატარებას და მინდა მოვიწვიო მსოფლიოს რელიგიური წარმომადგენლები და მათთან ერთად ვიმსჯელოთ ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე.
- რამდენიმე ქართველი ახალგაზრდა წავიდა სირიაში საბრძოლველად. მათი ეს ნაბიჯი რამდენად სწორი იყო?
- მე მათ მივმართავ, რომ არ გააკეთონ ის, რაც არც რელიგიას და არც ქვეყანას არ შეეფერება. ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი საშუალება იქნება ის, რომ მომავალში სახელმწიფოს დახმარებით ჩვენ ვგეგმავთ ჩამოყალიბდეს ტრადიციული ისლამის სკოლები, ინსტიტუტები, უნივერსიტეტები და ჩვენ ჩვენს მორწმუნე მრევლს ვასწავლოთ, თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტი მაჰმადიანობა.
- ბატონო ბეგლარ, ხომ არ აპირებთ სხვადასხვა ქვეყნის მუსლიმი ლიდერები სირიაში ჩასვლას და ISIS-ს წარმომადგენლებთან შეხვედრას?
- არა, ამაზე ჯერ არ გვქონია საუბარი და მომავალში, თქვენი შეხსენების შემდეგ, შეიძლება ამაზეც ვიმუშაოთ.
ლადო გოგოლაძე
AMBEBI.GE